მსოფლიოს “ლოკდაუნი“ თითქმის დასრულებულია. უკვე შესაძლებელია გარკვეულწილად შედეგების შეჯამებაც. გამოიკვეთა წარმატებული და წარუმატებელი კომპანიები და ბიზნესები. ამჟამად მიმოვიხილავთ პანდემიის პერიოდის ყველაზე პოპულარული ვიდეო კონფერენციის პლატფორმას, ონლაინ-კინოთეატრს ყველაზე დიდი აუდიტორიით და ყველაზე მსხვილ ონლაინ-რითეილერს.
Zoom
“ლოქდაუნის“ პერიოდში ამერიკული პლატფორმა Zoom-ი ერთ–ერთი ყელაზე პოპულარული სამუშაო ინსტრუმენტი გახდა. 2019 წლის დეკემბერში კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ყოველდღიურად 10 მილიონი მომხმარებელი ჰყავდათ, 2020 წლის აპრილში კი – 300 მილიონი. თუმცა, ეს არ არის უნიკალური მომხმარებლების რიცხვი. მაგრამ, ფაქტია რომ ზრდა ნამდვილად შთამბეჭდავია. შედარებისთვის, Google Meet-მა 10 მილიონით დაიწყო და ახლა მხოლოდ 100 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, Microsoft Teams-მა კი მაისის მონაცემებით, დღეში 75 მილიონ აქტიურ მომხმარებელს მიაღწია, “ლოქდაუნამდე“ მხოლოდ 30 მილიონი ჰყავდა.
Zoom-ის პოპულარობა იმით აიხსნება, რომ მისი გამოყენება მარტივია. თავიდან ამ პლატფორმას ანალოგიური კონკურენტი არ ჰყავდა. შემდეგ დაიწყო ინტერნეტ გიგანტებმა მსგავსი სერვისის შეთავაზება. მაგალითად, Google Meet-ი აპრილის ბოლომდე მხოლოდ კორპორატიული კლიენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. შემდეგ აამოქმედა Facebook-მაც მსგავსი სერვისი და Messenger Rooms-ი წარადგინა.
ამგვარად Zoom Video-ს აქციები 2020 წლის იანვარში 163%-ით გაძვირდა, სტარტაპის საბაზრო ღირებულებამ მაისის ბოლოს $50 მილიარდს მიაღწია. 2020 წლის დასაწყისში კომპანია $20 მილიარდი ღირდა. 2 ივნისის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი 169%-თ გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წელს, მოსალოდნელია, რომ Zoom Video-ს შემოსავალმა $1.8 მილიარდს მიაღწიოს, რაც ორჯერ მეტია დაგეგმილზე.
Netflix
2020 წლის პირველ კვარტალში Netflix-ის გამომწერთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით 8.7%-ით 15.77 მილიონით გაიზარდა. ყველაზე მსხვილი ონლაინ კინოთეატრის გამომწერთა რაოდენობა 183 მილიონამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც მისი ყველაზე ძლიერი კონკურენტის Amazon Prime Video-ს გამომწერთა რაოდენობა 150 მილიონია. “ლოქდაუნამდე“ Netflix-ის გეგმა იყო რომ პირველ კვარტალში ხელმომწერთა რაოდენობა 7 მილიონით გაეზარდა. ფაქტია, რომ ამ გეგმას მნიშვნელოვნად გადააჭარბა,
მარტის შუა რიცხვების მონაცემებით, Netflix-ის წილი აშშ-ში ონლაინ ფილმების ნახვების კუთხით 29% იყო. მეორე ადგილზე იყო YouTube (20%), შემდეგ Hulu (10%) და Prime Video (9%).
კარანტინის პერიოდში Netflix-მა აჩვენა რამდენიმე პრემიერა: “ვეფხვების მეფე“, “ოზარკი“, “უკანასკნელი ცეკვა“.
“ლოქდაუნის“ შემდეგ Netflix-ის აქციების ფასიც გაიზარდა. პიკს კი აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის შუა პერიოდამდე მიაღწია. კომპანიის საბაზრო ღირებულებამ კი $92 მილიარდი შეადგინა. ეკონომიკური შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მისი აქციების ფასმა დაიკლო, თუმცა, სრული ზრდა კომპანიას არ დაუკარგავს. ამჟამად კომპანია $85 მილიარდი ღირს.
Amazon
Amazon-მა მარტის ბოლოს განაცხადა, რომ ის 100 000 ახალ კურიერს და საწყობის თანამშრომელს ქირაობდა. ეს ბუნებრივიც იყო, ვინაიდან თვითიზოლაციის დროს, ამერიკელები მნიშვნელოვან და საჭირო პროდუქტს სწორედ Amazon-ის საშუალებით ყიდულობდნენ.
2020 წლის პირველ კვარტალში, კომპანიის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა და $75.4 მილიარდს მიაღწია. ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები 29%-ით გაიზარდა.
თუმცა, შემოსავლების გარდა გაიზარდა ხარჯებიც, რაც ბუნებრივია ახალი თანამშრომლების აყვანამაც გამოიწვია.
წარმატებებს კომპანიაში დაემთხვა თანამშრომლების პროტესტიც, ვინაიდან ისინი მასობრივად უარს ამბობდნენ მუშაობაზე კორონავირუსის ინფექციის საფრთხის გამო. ისინი აცხადებდნენ, რომ საწყობებში მათ ერთმანეთთან ძალიან ახლოს უწევდათ მუშაობა.
თუმცა, ამას აქციების ფასზე არ უმოქმედია.
წლის დასაწყისში Amazon-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $1 ტრილიონი იყო, ახლა კი $1.24 ტრილიონია. შესაბამისად მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ონლაინ რითეილ-კომპანია პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიციარია.