ალბათ ძალიან მცირეა ისეთი მდიდარი ადამიანები, რომელთა გადადგომასაც თეთრი სახლიდან შეურაცხმყოფელი კომენტარებით გამოეხმაურებიან. თუმცა, თუ იმდენი შემოსავალი გექნება ყოველთვიურად, რომ შეძლო ამერიკაში სტანდარტული სახლის შეძენა, მაშინ ალბათ ამ შეურაცხყოფაზე არც უნდა იდარდო.
საუბარია ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-ს ხელმძღვანელზე რენდალ სტივენსონზე, რომელმაც გადადგომის შესახებ აპრილის ბოლოს განაცხადა. ის 60 წლისაა.
“შესანიშნავია ამბავი.. რენდალ სტივენსონი, დიდ ვალში მყოფი AT&T-ის ხელმძღვანელი, რომელიც ფლობს და უძღვება „ფეიკ ნიუსების“ CNN-ს, მიდის, ან იძულებულია წავიდეს. ყველა, ვინც აძლევს უფლებას ბინძურ ქსელს თქვას და გააკეთოს ისეთი რაღაცები, რასაც CNN-ი აკეთებს, უნდა გადადგეს რაც შეიძლება მალე. ვიმედოვნებ, მისი შემცვლელი უკეთესი იქნება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“.
ალბათ ამ გამოხმაურებაზე სტივენსონი არც იდარდებს, ვინაიდან როგორც მისი კომპანიის მონაცემებიდან ირკვევა, მის საპენსიო ანგარიშზე $64 მილიონია დაგროვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში ცხოვრების ბოლომდე ის გარანტირებულად $274,000-ს მიიღებს.
სტივენსონი AT&T-ს ხელმძღვანელის პოსტს 2020 წლის 1 ივლისს დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, AT&T-მ შეიძინა DirecTV $49 მილიარდად 2015 წელს, ხოლო 2018 წლის ივნისში Time Warner-ი $85 მილიარდად. სწორედ ამ უკანასკნელის შემადგენლობაშია ამერიკული სამაუწყებლო ჯგუფი CNN-იც.