სამხრეთ კორეამ სამუშაო ოფისებში გასათვალისწინებელი წესები შეიმუშავა – როგორია "გაიდლაინი“

სამხრეთ კორეამ სამუშაო ოფისებში გასათვალისწინებელი წესები შეიმუშავა – როგორია "გაიდლაინი“

სამხრეთ კორეა გვიჩვენებს, თუ როგორი იქნება სამუშაო ოფისები პანდემიის შემდეგ. ქვეყნის მთავრობამ რჩევები და რეკომენდაციები გამოქვეყნა, რაც უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა სამსახურებში დაბრუნების შემდეგ.

რჩევები ეხება დასაქმებულებსა და დამსაქმებლებსაც, რათა მათ შეძლონ სამუშაო გარემოში შეამცირონ ვირუსის გავრცელების შანსები.

აქვე შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კორონავირუსის წარმატებით შეჩერებისა და კრიზისთან გამკლავების მიზნით მიღებული ღონისძიებებისთვის.

პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის სამხრეთ კორეამ 68–გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც კონკრეტულ ინსტრუქციებს მოიცავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს თითოეული მოქალაქე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში, მცირე და საშუალო ზომის ბაზრებზე, რესტორნებში, სკოლებში, ინტერნეტ კაფეებში, ასევე ქორწილებისა და დაკრძალვების დროს და საზოგადოებრივი ტუალეტების გამოყენების დროსაც.

გთავაზობთ მთავარ ამონარიდებს სამუშაო სივრცეებთან დაკავშირებით.

დასაქმებულებისთვის:

თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, წადით სახლში;

აქტიურად გამოიყენეთ მოქნილი სამუშაო საათები, მაგალითად, დისტანციური მუშობის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში;

დაიცავით დისტანცია;

„უორქშოფები“ და ტრეინინგები ჩაატარეთ ონლაინ ან ვიდეო კონფერენციის საშუალებით;

პირისპირ შეხვედრისას დაიცავით პირადი ჰიგიენის ნორმები;

თანამშრომელთან ორი მეტრის დაშორებით დასხედით;

არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც პირიდან წვეთების გამოყოფას იწვევს, მაგალითად არ იმღეროთ;

თუ დახურული სივრცის კაფეტერიას იყენებთ, დასხედით ერთმანეთის ზურგს უკან, ან ზიგზაგისებურად;

რაც შეიძლება ნაკლები ისაუბრეთ: თუ შესაძლებელია დახურეთ პირი;

გაანიავეთ სამუშაო სივრცე და ჩაატარეთ დეზინფენქცია;

რეგულარულად გაწმინდეთ ის ადგილი, რასაც ხშირად ეხებით, მაგალითად მაგიდა, კლავიატურა, ე.წ მაუსი, ტელეფონი და ა.შ;

დაიბანეთ ხშირად ხელი და დაიცავით დახველებისა და დაცემინების დროს შესაბამისი წესები;

თავიდან აირიდეთ ხელების სახეზე შეხება, მით უმეტეს თუ არ გაქვთ დაბანილი ხელი;

თავიდან აირიდეთ ფიზიკური კონტაქტი, მაგალითად ხელის ჩამორთმევა;

გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი კოვზი, ჭიქა და სხვა პირადი ნივთები;

დაიცავით ფიზიკური დისტანცია, თუმცა, შეინარჩუნეთ სოციალური კავშირი;

თავიდან აირიდეთ ჯგუფური ღონისძიებები, კლუბური შეკრებები, სამსახურიდან დაბრუნდით პირდაპირ სახლში;

ერთდროულად არ შეხვიდეთ რამდენიმე ადამიანი მოსასვენებელ ოთახში.

დამსაქმებლებისთვის:

უზრუნველყავით თანამშრომლებისთვის ტემპერატურის თერმო სკრინინგის საშუალებით გაზომვა;

თუ რომელიმე თანამშრომელს რაიმე სიმპტომი აქვს, მაგალითად სიცხე, ხველა, ან თუ თანამშრომელი საზღვარგარეთ იმყოფებოდა 14–მდე დღის წინ, დატოვეთ ის სახლში და მიეცით მას შვებულება ან სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა;

შექმენით ისეთი ატმოსფერო, რომელშიც დასაქმებულები თავს თავისუფლად იგრძნობენ ანაზღაურებადი შვებულების ან მოქნილი სამუშაო გრაფიკის გამოყენებით;

დაიცავით დისტანცია;

მინიმუმამდე დაიყვანეთ მივლინებების რაოდენობა ქვეყნის შიგნით და გარეთ;

სამუშაო ოფისში უზრუნველყავით დისტანცია სამუშაო მაგიდებს შორის;

ასევე უზრუნველყავით კაფეტერიაში დისტანცია მაგიდებს შორის, განათავსეთ მკაფიო მინიშნებები დისტანცირების შესახებ მაგიდებსა და სკამებს შორის;

მიაწოდეთ თანამშრომლებს ინფორმაცია ხელის დაბანის პროცედურების, ასევე ხელის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების, დახველებისა და დაცემინების დროს გასათვალისწინებელი წესების შესახებ;

დაურიგეთ თანამშრომლებს პირბადეები და ჰიგიენის სხვა ნივთები საჭიროებიდან გამომდინარე;

შექმენით ისეთი კორპორატიული კულტურა, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გაუთვალისწინებელი აქტივობები, თანამშრომელთა სამუშაოს გარეთ შეკრებები, პიკნიკები და ა.შ;

უთხარით თანამშრომლებს რომ ერთი და იგივე სივრცის ერთდროულად გამოყენებისგან თავი შეიკავონ;

დანიშნეთ ერთი ადამიანი, ან დააკისრეთ რომელიმე განყოფილებას კარანტინის წესების დაცვა სამსახურში;

შეხვედრების დროს გასათვალისწინებელი ძირითადი პრინციპები:

გამოიყენეთ ვიდეო კონფერენცია ან სატელეფონო ზარები შეხვედრების ნაცვლად რამდენადაც შესაძლებელია;

დარწმუნდით რომ პირისპირ შეხვედრა განიავებულ სივრცეში ხდება, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა დაიცვას ფიზიკური დისტანცია;

მინიმუმამდე დაიყვანეთ შეხვედრაზე დამსწრეთა რაოდენობა და მაქსიმალურად შეამცირეთ შეხვედრის ხანგრძლივობა;

მიაწოდეთ ინფორმაცია დამსწრეებს რომ თავი უნდა შეიკავონ შეხვედრაზე მისვლისგან, თუ ისინი 14–მდე დღის წინ საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ან ჰქონდათ რაიმე სიმპტომები, მაგალითად, სიცხე, ხველა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ა.შ;

თავი შეიკავეთ ფიზიკური კონტაქტისგან, მაგალითად ხელის ჩამორთმევისგან;

საკონფერენციო ოთახში განათავსეთ ხელის სადეზინფექციო საშუალებები, რათა დამსწრეებმა ხშირად გამოიყენონ;

ყოველ ერთ საათში გაანიავეთ სივრცე.