იყო რისკი, რომ კორონავირუსის 20 000 ტესტი გზაში მოეხსნათ, თუმცა, ახლა ტესტები საქართველოშია და მისი მოხმარება გრძელდება, – ამის შესახებ “საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ Forbes Talks-ის ფორმატში Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში აღნიშნა.
მისი თქმით, “საქართველოს ბანკმა“ შეძლო, საქართველოსთვის შეეძინა 20 000 ტესტი და 10 სასუნთქი აპარატი.
“მივედით დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ბატონ ამირანთან და ვკითხეთ რა შეიძლება გავაკეთოთ, იმ პერიოდისთვის არ იყო გამოყოფილი თანხები ბიუჯეტიდან, გარკვეულწილად ხდებოდა უცებ მობილიზება ბიზნესებისგან… ფონდში შეტანას ვარჩიეთ რომ პირდაპირ სწრაფად მიგვეღო გადაწყვეტილება.. ბიუროკრატია რომ არ ყოფილიყო.. გვითხრეს რომ ტესტების ნაწილში გვჭირდება დახმარება. საინტერესო ის იყო, რომ მათთან ერთად შევძელით ამის იმპორტი, თუმცა, იყო რისკი რომ გზაში მოეხსნათ ტვირთი“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, ტესტები ინგლისის გავლით უნდა ჩამოეტანათ საქართველოში:
“ინგლისის გავლით წამოვიდა ეს ტვირთი და იყო რისკი, რომ ვინაიდან იქ იყო საგანგებო მდგომარეობა, ასეთ მდგომარეობაში საზღვარზე როგორც კი ხვდება ტვირთი, ის გადამისამართდება სტრატეგიულ ტვირთად და ლოკალურ მოხმარებაზე გადადის, მიუხედავად იმისა ვისია ეს ტვირთი. ანალოგიური არის თურქეთთან მიმართებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო კოორდინაცია სახელმწიფოსთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი როლი ითამაშა, მოკლედ ეს ტესტები ჩამოვიდა საქართველოში და დღეს მოხმარებაშია“.