Pfizer-ი თავისი კორონავირუსის სამკურნალო აბების დამზადების უფლებას მედიკამენტების სხვა მწარმოებლებსაც აძლევს და მათ ღარიბ ქვეყნებში პრეპარატის შეღავათიან ფასად გაყიდვის ნებას რთავს. ამერიკულმა კომპანიამ ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
Pfizer-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათ გაეროს მიერ მხარდაჭერილ მედიკამენტების საპატენტო ფონდთან (MPP) შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი მწარმოებლებს PF-07321332-ის სახელწოდებით ცნობილი ანტივირუსული აბის დამზადებისთვის ლიცენზიას მისცემს. როგორც ცნობილია, ამ კომპანიების მიერ წარმოებული პრეპარატი შეღავათიან ფასად დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე 95 ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი, სადაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 53% ცხოვრობს. აღნიშნული სახელმწიფოების დიდი ნაწილი აფრიკასა და აზიაში მდებარეობს.
ზემოხსენებულ ქვეყნებში კორონავირუსის სამკურნალო აბები ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების მიერ პრეპარატისთვის ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ დაბალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოებში მედიკამენტის გაყიდვებიდან სარგებლის მიღებაზე Pfizer-მა უარი განაცხადა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Pfizer-მა კლინიკური ცდების შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილი COVID-19-ის სამკურნალო აბი, რომელიც აივ-ინფექციის წამლის, რიტონავირის მცირე დოზასთან ერთად გამოიყენება, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს. კომპანიამ პრეპარატის დასამტკიცებლად ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) ახლახან მიმართა.