ბოლო ორი კვირის მანძილზე “ქართულმა ოცნებამ” აშშ-ში ორ ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი. მათ შორისაა, DCI Group და Hogan Lovells US LLP.
აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტის მიხედვით, “ოცნება” ამერიკულ კომპანია DCI Group-ს თვეში 33,333 დოლარს გადაუხდის, კონტრაქტის ხანგრძლივობა 2020 წლის 1 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდეა.
გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, DCI Group-იმ უნდა გაავრცელოს ისეთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” საქართველოში დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის იღწვის.
“რეგისტრანტი იმუშავებს, რათა წარმოაჩინოს პარტია “ქართული ოცნება”, როგორც სანდო და პრაგმატული პარტნიორი დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რომ ის ერთგულია დასავლური ლიბერალური დემოკრატიის იდეების და საქართველო-აშშ-ის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების,”- წერია დოკუმენტში.
რაც შეეხება მეორე ლობისტურ კომპანია Hogan Lovells US LLP-ს, იგი კონტრაქტის მიხედვით იმუშავებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული კავშირების გაძლიერებაზე. ამასთან, ის რჩევებს მისცემს აშშ-საქართველოს ორმხრივ კავშირებთან დაკავშირებით.
აღნიშნულ კომპანიას “ქართულმა ოცნებამ” თვეში 75,000 დოლარი უნდა გადაუხადოს, ხელშეკრულება 2020 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. ჯამში ამ კომპანიისთვის “ქართულ ოცნებას” 900,000 დოლარის გადახდა მოუწევს.
გამოდის, რომ ორივე კომპანიისთვის მომდევნო ერთ წელიწადში “ოცნებას” 1,200,000-მდე დოლარის გადახდა უწევს. კონტრაქტს ორივე კომპანიასთან ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
წყარო: FARA