საქართველო ყოველწლიურად 700 მილიონ დოლარზე მეტ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს. ამ საწვავის მნიშვნელოვანი ნაწილი განკუთვნილია 1.2 მილიონი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელიც ქვეყანაში მოძრაობს; ასევე, იმ ათიათასობით სატრანზიტო სატვირთოსა და მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლებიც ყოველთვიურად საქართველოს საზღვრებს კვეთენ. საწვავის სამომხმარებლო რეალიზაციის სექტორში სულ რამდენიმე მთავარი მოთამაშეა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ფართო ქსელს ფლობენ. ნავთობიმპორტის ბაზრის ყველა მთავარ მოთამაშეს საკუთარი ფინანსური ანგარიშები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. ანგარიშგებების თანახმად, ყველა ძირითადი კომპანიის შემოსავალი შემცირდა, რაც ნავთობის სარეალიზაციო ფასის კლებას უკავშირდებოდა.
ნავთობკომპანიების ფინანსური შედეგები და მათი მფლობელები
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“
შემოსავალი: 600.9 მლნ (კლება 67.3 მლნ);
წმინდა ზარალი: 145.5 მლნ
კომპანიის აქტივები: 291.3 მლნ
მფლობელი: ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელია „სოკარ ენერჯი ჯორჯია”, მისი საბოლოო მაკონტროლებელი მხარე კი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაა.
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ საქართველოს მასშტაბით 115 ავტოგასამართი სადგურით ოპერირებს. კომპანია საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან საქმიანობს და ის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა
„გალფი“
შემოსავალი: 535.3 მლნ (კლება 54 მლნ)
წმინდა მოგება: 1.9 მლნ
კომპანიის აქტივები: 229.4 მლნ
მფლობელი: „გალფის” ანუ „სან პეტროლიუმ ჯორჯიას” ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისი მფლობელების სია ასეთია:
„2020 და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,ჯგუფების უშუალო მშობელი კომპანია იყო „ენერჯი ინვესტმენტ ვენჩურ ჰოლდინგსი“, რომელიც რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არის „პეტროკას ენერჯი ინთერნეშენალ ლიმიტედი“, რომელიც რეგისტრირებულია კვიპროსში”, – ნათქვამია ანგარიშში.
ჯგუფის საბოლოო მფლობელებია რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი” 49%-ით და ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი 38% წილით.
„გალფის“ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს როგორც საცალო, ასევე საბითუმო სეგმენტში. 2020 წლის 31 დეკემბრისთვის ჯგუფი ფუნქციონირებდა საქართველოში მდებარე 147(2019 წელს 149) ბენზინგასამართი სადგურით, აქედან 69 (2019 წელს – 68) ბენზინგასამართი სადგური კომპანიის, მისი შვილობილი საწარმოებისა და მეკავშირე საწარმოების მფლობელობაში იყო, სხვა ბენზინგასამართი სადგურები კი ნაქირავებია.
„რომპეტროლ საქართველო“
შემოსავალი: 432 მლნ (კლება 142 მლნ)
წმინდა ზარალი: $2.15 მლნ
კომპანიის აქტივები: $44.7 მლნ
მფლობელი: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდებში რეგისტრირებული KMG International N.V.-ი, რომელიც ყაზახური KazMunayGaz-ის ჯგუფის წევრია. მისი საბოლოო მფლობელია ყაზახეთის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია Samruk-Kazyna.
„რომპეტროლ საქართველო“ ქვეყანაში 2005 წლიდან საქმიანობს. მისი საცალო ქსელი 86 ბენზინგასამართი სადგურისგან შედგება, რომლებიც მთლიანი ქვეყნის მასშტაბით არის განლაგებული და მათი უმეტესობა (81 სადგური) იჯარით არის აღებული მესამე მხარეებისგან და საქმიანობს „რომპეტროლის“ ბრენდის ფარგლებში.
ჯგუფი „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“
შემოსავალი: 353.3 მლნ (კლება 114 მლნ)
წმინდა მოგება: 3 მლნ
კომპანიის აქტივები: 225.4 მლნ
მფლობელი: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”ჯგუფის მფლობელების სია, კომპანიის 2020 წლის აუდიტირებული ანგარიშის თანახმად, ასეთი იყო:
ლევან ფხაკაძე 35.77%; სოსო ფხაკაძე 30.98%; გიორგი რამიშვილი 15.50%; ნუგზარ აბრამიშვილი 8.25%; ალექსი თოფურია 7.12% და დევიდ ბორგერი 2.38%.
„2020 წლის ბოლოს კომპანია ექსპლუატაციას უწევდა 120 სადგურს: 117 ბენზინგასამართ სადგურს (მათგან 77 კომპანიის კუთვნილს, 39 იჯარით აღებულს და 1 შვილობილისგან იჯარით აღებულს), რომელთაგან 10 არის კომბინირებული ბენზინისა და გაზის სადგური, ხოლო 3 – მხოლოდ გაზგასამართი სადგური (2 საკუთარი, 1 იჯარით აღებული).ჯგუფი ოპერირებს როგორც საცალო, აგრეთვე საბითუმო მიმართულებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
„ლუკოილ ჯორჯია“
შემოსავალი: 239.3 მლნ (კლება 8.8 მლნ)
წმინდა მოგება: 1.2 მლნ
კომპანიის აქტივები: 74.7 მლნ
მფლობელი: „ლუკოილ ჯორჯიას“ უშუალო მფლობელია შვეიცარიაში რეგისტრირებული LITASCO SA და ის რუსული Lukoil-ის ჯგუფის წევრია.
„ლუკოილ ჯორჯია“ ქვეყანაში 2002 წლიდან საქმიანობს. კომპანიას აქვს საკუთარი 22 და იჯარით აღებული 19 ავტოგასამართი სადგური, ასევე -20 ფრანჩაიზინგის უფლებით მომუშავე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც განთავსებულია საქართველოს ყველა რეგიონში.
„პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია“
შემოსავალი: 161 მლნ (მატება 92.5 მლნ)
წმინდა მოგება: 2 მლნ
კომპანიის აქტივები: 16.4 მლნ
მფლობელი: „პორტალ პეტროლეუმ ჯორჯიას“ მფლობელები არიან ბიზნესმენები ნოდარ და შალვა ხუხაშვილები, რომელთაც კომპანიის 50%-50%-იანი წილები აქვთ.
„პორტალი“ დაკავებულია ნავთობის საბითუმო და საცალო რეალიზაციით მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“
შემოსავალი: 59 მლნ (კლება 83 მლნ)
წმინდა მოგება: 8 მლნ
კომპანიის აქტივები: 34.5 მლნ
მფლობელი: „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიას“ მფლობელია კვიპროსში რეგისტრირებული „პეტროკას ენერჯი ინთერნეშენალი“, რომელშიც რუსულ სახელმწიფო კომპანია Rosneft-ს 49%-იანი წილი აქვს, ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს კი 38%-იანი წილი.
„პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ საავიაციო საწვავის რეალიზაციით არის დაკავებული. მისი შემოსავლის მკვეთრი ვარდნაც სწორედ ამ გარემოებითაა გამოწვეული, რადგანაც 2020 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები ფაქტობრივად დაკეტილი იყო.
„ჯორჯიან პეტროლიუმი“
შემოსავალი: 34.4 მლნ (კლება 79.5 მლნ)
წმინდა მოგება: 2.4 მლნ
კომპანიის აქტივები: 37.8 მლნ
მფლობელი: „ჯორჯიან პეტროლიუმის“ მფლობელები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე და სეიშელის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები არიან.
„ჯორჯიან პეტროლიუმი“ საავიაციო საწვავის მეორე უმსხვილესი მოთამაშეა. მისი შემოსავლების კლება საქართველოს აეროპორტებში სატრანსპორტო ნაკადის ვარდნით იყო განპირობებული.
საქართველოს ნავთობკომპანიების რეიტინგი 2020 წლის შემოსავლების მიხედვით