Airbnb-მ პირობა დადო, რომ 20,000 ავღანელ ლტოლვილს უფასო საცხოვრებლით უზრუნველყოფს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ბრიან ჩესკის განცხადებით, პროგრამა დაუყოვნებლივ დაიწყება და Airbnb ლტოლვილების საცხოვრებელ ხარჯებს დაფარავს.
ჩესკიმ აღნიშნა, რომ კომპანია აქტიურად ითანამშრომლებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და Airbnb-ის არასამთავრობო ორგანოსთან, Airbnb.org-თან, რომელიც ბუნებრივი კატასტროფებისა თუ სხვა კრიზისების პერიოდში დაზარალებულთათვის უფასო ღამის გასათევებზეა პასუხისმგებელი.
თუმცა, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს არ დაუკონკრეტებია, რა პერიოდის განმავლობაში შეიფარებს ლტოლვილებს და რამდენი ხანი დააფინანსებს მათი საცხოვრებლის ხარჯებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თალიბანის მიერ ქვეყანაზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ავღანეთის დატოვებას ათიათასობით ავღანელი ცდილობდა. ბევრი მათგანი ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში საფრენ ბილიკთან მივიდა იმის იმედით, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა მთავრობების საევაკუაციო ბორტზე მოხვდებოდნენ.
ინტერნეტში ვრცელდებოდა კადრებიც, თუ როგორ ცდილობდნენ ავღანელები დაძრულ თვითმფრინავზე ასვლასა და ფრთებზე ან სხვა ნაწილზე მოთავსებას. როგორც შემდეგ გაირკვა, მსგავს ქმედებას ათამდე ავღანელის სიცოცხლე შეეწირა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ავღანეთის ტერიტორიაზე პარალელურად მიმდინარე კონფლიქტის ათეულობით კერამ 20 წლის განმავლობაში მრავალი ლტოლვილთა კრიზისი გამოიწვია. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, ამჟამად ავღანეთში 2.5 მილიონი რეგისტრირებული ლტოლვილია.
შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა დასავლური ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ჯგუფები და შიდა მთავრობები ამ დრომდე აქტიურად ცდილობენ ავღანელი ლტოლვილების დახმარებას.