Airbnb-ზე ჯავშნების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Airbnb-ზე ჯავშნების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Airbnb-ის განცხადებით, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა და საცხოვრებელ ობიექტებზე ფასების კატასტროფული ზრდისა, მოგზაურობაზე მოთხოვნა მაინც მაღალია. მეორე კვარტალში, ანუ აპრილიდან ივნისამდე პერიოდში, პლატფორმაზე მომხმარებლებმა 104 მილიონი ღამის ჯავშანი გააკეთეს, რაც Airbnb-ის რეკორდს წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ კომპანიის განცხადებით, გრძელვადიანი ჯავშნების რაოდენობა კვლავ ზრდას განაგრძობს. აღნიშნულის მიზეზი დისტანციური სამსახურების ზრდაც გახლავთ. თუმცა, გარდა ამისა, სწრაფი ტემპებით აღდგენას განაგრძობს საერთაშორისო მოგზაურობაც.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მოგზაურობის სეზონი არ დასრულებულა, კომპანია მესამე კვარტალში კიდევ უფრო დიდ შედეგებს ელის.

წინა წელთან შედარებით, 2022 წლის მეორე კვარტალში ჯავშნების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი – 24%-ით. მოგზაურობის ინდუსტრიის კომპანიები კოვიდის შემდეგ საკუთარ მონაცემებს ხშირად 2019 წლის მაჩვენებლებს ადარებენ ხოლმე. 2019 წელი პანდემიამდელ პიკად მიიჩნევა. კომპანიები პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესს სწორედ 2019 წელთან შედარებით ზომავენ.

ჯავშნების რაოდენობის ზრდამ, ბუნებრივია Airbnb-ის შემოსავლებიც გაზარდა. გასულ წელთან შედარებით, კომპანიამ შემოსავლების სახით 58%-ით მეტი, 2.1 მილიარდი აშშ დოლარი დააგენერირა. საინტერესოა, რომ ჯავშნების ნახევარზე მეტი ერთი კვირით ან უფრო დიდი ხანგრძლივობით მოგზაურობაზე მოდის.

კომპანიის განცხადებით, მოგზაურობაზე მოთხოვნა ყველაზე ძლიერი კვლავ ჩრდილოეთ ამერიკაშია. ამ რეგიონში ჯავშნების რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით, 37%-ით არის გაზრდილი.