ევროპარლამენტი საბოლოოდ შეთანხმდა ახალი რეგულაციის დამტკიცებაზე, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს და უკლებლივ ყველა მწარმოებელს ავალდებულებს, მობილური ტელეფონები, პლანშეტები და კამერები 2024 წლამდე USB Type C-ით აღჭურვონ.
აღნიშნული ცვლილება პირდაპირ ეხება კომპანია Apple-ს, რომელიც iPhone-ისთვის საკუთარ USB Lightning-ს იყენებს, რომელიც Type C-სთან შედარებით გაცილებით უფრო ნელი და არაპრაქტიკულია, როგორც უშუალოდ ელექტროენერგიის, აგრეთვე მონაცემების ჩატვირთვის მიმართულებით.
USB-C-ს ამჟამად თითქმის ყველა თანამედროვე სმარტფონი და პლანშეტი იყენებს, გარდა Apple-ისა, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება რეალურად მხოლოდ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს შეეხება, რომელსაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირება მოუწევს.
სავარაუდოდ, ახალი iPhone 15 სერია აწ უკვე მოძველებული Lightning-ის ნაცვლად Type C-ის მიიღებს, რაც მომხმარებელთათვის პოზიტიურ სიახლეს წარმოადგენს, რადგან ახალი პორტით უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი სმარტფონის დატენა და კომპიუტერში მონაცემების გადატანა.
გარდა ამისა, სტანდარტიზების ყველაზე ცალსახა უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ყველა სმარტფონი, პლანშეტი, ყურსასმენი თუ სმარტ საათი ერთნაირი დამტენით დაიტენება, იქნება ეს Google Pixel, Samsung Galaxy თუ Apple iPhone.