Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-მა, კომპანიის 26-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე მაღალი კვარტალური შემოსავალი და მოგება დააფიქსირა. ამავე პერიოდში რეკორდულად გაიზარდა საძიებო სისტემის გიგანტის აქციების ფასიც.
FactSet-ის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, Alphabet-ის შემოსავალი 13%-ით, კომპანიისთვის ისტორიულ მაქსიმუმამდე – $86.3 მილიარდამდე გაიზარდა. შედეგად, გაუმჯობესდა როგორც 2023 წლის მესამე კვარტალის რეკორდული $76.7-მილიარდიანი შედეგი, ასევე მეოთხე კვარტალისთვის ანალიტიკოსების $85.3-მილიარდიანი პროგნოზიც.
რაც შეეხება მოგებას, აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 51%-ითაა გაზრდილი და $20.7 მილიარდს უტოლდება. კომპანიის მოგება თითო აქციაზე კი ასევე რეკორდულ, $1.64-ს უტოლდება. და მართალია, ბირჟის დახურვის შემდეგ Alphabet-ის აქციების ფასი 4%-ით დაეცა, მონაცემები კვლავ მიახლოებულია ყველა დროის მაქსიმუმთან, $150-თან, რომელიც გასულ კვირაში დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, 2023 წელს Alphabet-ის შემოსავალმა – $307 მილიარდს, ხოლო მოგებამ რეკორდულ $74 მილიარდს მიაღწია, რაც, შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, 9%-ითა და 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კონკრეტულად საძიებო სისტემისგან მიღებულმა შემოსავალმა კი 2023 წლის მეოთხე კვარტალში Alphabet-ისთვის $48 მილიარდი შეადგინა. ამავე პერიოდში, Microsoft-ის საძიებო სისტემისა და ახალი ამბების განყოფილების შემოსავალი წლიურად მხოლოდ 8%-ით გაიზარდა, როდესაც Google Search-ის წლიურმა ზრდამ 13% შეადგინა.