Amazon-ი 10,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, რაც კომპანიის ისტორიაში, ერთ ეტაპად თანამშრომლების გათავისუფლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას New York Times-ი აქვეყნებს.
ნიუიორკული გამოცემის ანონიმური წყაროს თანახმად, Amazon-ი თანამშრომლებს როგორც კორპორაციული, ასევე ტექნოლოგიური მიმართულების თანამდებობიდან დაითხოვს. გათავისუფლება ძირითადად კომპანიის საცალო გაყიდვებისა და ადამიანური რესურსების განყოფილებას და მოწყობილობების ორგანიზაციას შეეხება, რომელიც ბრენდის ცნობილ ხმოვან ასისტენტ Alexa-ს ავითარებს.
თუმცა Amazon-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელმაც მიმდინარე წელს თანამშრომლების მასშტაბური შემცირებები დააანონსა. ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კომპანიების გადაწყვეტილება ინფლაციის შიშს უკავშირდება, რაც შესაძლოა, ეკონომიკურ რეცესიაში გადაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ 11 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლების შემცირებას გეგმავს Disney-ც. კვარტალური დანაკარგების გამოცხადების შემდეგ, კომპანიამ „მიზნობრივი დასაქმების შეჩერების“ გადაწყვეტილება მიიღო და სამუშაო ადგილების შესაძლო შემცირებაზეც ისაუბრა.
შემცირებები დააანონსა Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა, კომპანიის, რომელიც სოციალურ ქსელებს Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს აერთიანებს. 9 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, კომპანია სამუშაო ძალის 13%-ს შეამცირებს, მიზეზად კი, ეკონომიკური ვარდნისა და გაზრდილი კონკურენციის ფონზე, დაბალ შემოსავალს ასახელებს. შედეგად, აღნიშნული შემცირება Meta-ს ისტორიაში თანამშრომელთა განთავისუფლების ერთ-ერთი უმსხვილესი რაუნდი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, Twitter-ის 7,500 თანამშრომლიდან დაახლოებით ნახევრის შემცირებას გეგმავს პლატფორმის ახალი მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი. თავდაპირველი ინფორმაციით, Twitter-ის $44 მილიარდად შესყიდვის შემდეგ, მასკი თანამშრომლების 75%-ის დათხოვნას გეგმავდა. შეგახსენებთ, რომ შესყიდვიდან პირველივე დღეს მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადი თანამდებობიდან გადააყენა.
18 ოქტომბერს, თანამშრომლების შემცირების შესახებ განცხადება Microsoft-ის სპიკერმაც გააკეთა. ტექნოლოგიურმა კომპანიამ სამუშაო ძალის კიდევ 1%-ით შემცირება დააანონსა. როგორც Microsoft-ის სპიკერმა ამერიკულ Forbes-თან აღნიშნა, „კომპანია რეგულარულად აფასებს ბიზნესის პრიორიტეტებს და შესაბამის სტრუქტურულ კორექტირებებს ახორციელებს“.
ასევე ოქტომბერში დააანონსეს შესაძლო შემცირებები Intel-მა და Oracle-მა. Bloomberg-ის ინფორმაციით, Intel-მა შესაძლოა, ათასობით თანამშრომელი გაათავისუფლოს, მათ შორის გაყიდვებისა და მარკეტინგის ჯგუფში დასაქმებულთა 20%. ცნობისთვის, Intel-ის აქციები გასული წლის განმავლობაში ნახევარზე მეტით შემცირდა. რაც შეეხება Oracle-ს, კომპანია ორი თვის წინ დაწყებული გაურკვეველი რაოდენობის შემცირებების ფარგლებში, დამატებით 201 დასაქმებულს დაითხოვს.
რეკორდული $23-მილიარდიანი კვარტალური ზარალის შემდეგ, სექტემბრის ბოლოს, Vision Fund-ის მიერ დასაქმებული 500 პირიდან, მინიმუმ, 150-ის გათავისუფლება დააანონსა SoftBank-მა. სექტემბერშივე, სტარტაპ Area 120-ში დასაქმებულ 50 პირს Google-მა განუცხადა, რომ თუ კომპანიაში მუშაობის გაგრძელება სურთ, სამი თვის განმავლობაში ორგანიზაციაში ახალი შიდა როლი უნდა იპოვონ.