ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-ში $4 მილიარდამდე ინვესტიციას განახორციელებს, რაც კომპანიას დაეხმარება, გახდეს წამყვანი მოთამაშე გენერაციულ AI-ინდუსტრიაში. შეთანხმების პირობებით, Anthropic-ი თავისი პროგრამული უზრუნველყოფის დიდ ნაწილს Amazon Web Services-ის მონაცემთა ცენტრებში გადაიტანს და ჩატბოტებისა და სხვა აპლიკაციების გასაძლიერებლად საჭირო მოდელების გადამზადებისთვის, კომპანიის ქლაუდ-გამოთვლების ჩიპებს გამოიყენებს.
Amazon-ის გამოთვლით ძალაზე წვდომის გარდა, Anthropic-ი ფინანსურ მხარდაჭერასაც მიიღებს, რომელიც სტარტაპს ხელოვნური ინტელექტის მოდელების გადამზადებისა და გაშვებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება. AWS-ის აღმასრულებელი ოფიცრის, ადამ სელიპსკის განცხადებით, კომპანიის საწყისი ინვესტიცია Anthropic-ში $1.25 მილიარდი იქნება. გარდა ამისა, Amazon-ს სტარტაპში მცირე წილიც ექნება.
AWS-ი ძირითადად საკუთარი პროდუქტის შექმნითაა დაინტერესებული და ნაკლებად იყენებს სხვა კომპანიებისგან შეძენილ ტექნოლოგიებს. Anthropic-ში დაანონსებული $4-მილიარდიანი ინვესტიციის სრულად განხორციელების შემთხვევაში, ის შესაძლოა უმსხვილეს კორპორაციულ გარიგებად იქცეს, რომელიც პირდაპირ AWS-ს უკავშირდება. Amazon-ის ინფორმაციით, მათ ინჟინრებს, მათ შორის AWS-ის გარეთ მომუშავე პირებსაც, ექნებათ წვდომა Anthropic-ის მოდელებზე.
OpenAI-ის ვეტერანების მიერ შექმნილმა სტარტაპმა დღემდე $1 მილიარდზე მეტი მოიზიდა. Anthropic-ის მიზანი უსაფრთხო ტიპის ჩატბოტების შექმნაა, რომლებიც ძიების, კითხვებზე პასუხის გაცემის, კოდირებისა და სხვა ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება. თებერვალში სტარტაპში $400 მილიონამდე ინვესტიცია განახორციელა ღრუბლოვან ტექნოლოგიებში AWS-ის ერთ-ერთმა მთავარმა კონკურენტმა Google-მაც.