თამამად შეიძლება ითქვას, რომ დეკემბერი შეჯამების თვეა – ადამიანები გასულ წელს აჯამებენ, კომპანიები ფინანსურ ანგარიშებს ადგენენ, ხოლო მნიშვნელოვანი პერსონები მომავალი წლის თავისებურ პროგნოზებს აქვეყნებენ. ამ ტრენდს არც Amazon-ის ტექნოლოგიური ხელმძღვანელი, ვერნერ უოგელსი ჩამორჩა, რომელმაც ტექნოლოგიური გიგანტის ბლოგზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ჰყვება, თუ რა მოხდება ტექნოლოგიურ სამყაროში 2022 წელს და მის იქით.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი პროგნოზები, Amazon-ის ტექნოლოგიურმა ხელმძღვანელმა, მისი აზრით, სამი მთავარი მიმართულების გარშემო ააგო – ესენია: მონაცემთა დამუშავება ღრუბელში, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური დასწავლა და მონაცემთა სიჭარბე.
„გარდატეხის წერტილს მივუახლოვდით. მას მერე, რაც თხუთმეტზე მეტი წლის წინ, AWS-მა მონაცემთა ღრუბელში დამუშავების ტექნოლოგიას გზა გაუკვალა, ღრუბლის ინფრასტრუქტურა ისეთ სივრცედ გარდაიქმნა, რომელსაც, ნაწილობრივ მაინც, დედამიწის თითქმის ყველა ადგილას ვაწყდებით – მათ შორის, კოსმოსშიც. ღრუბელში მონაცემთა დამუშავების ტექნოლოგიამ სამეცნიერო ფაქტად აქცია ის, რაც ერთ დროს სამეცნიერო ფანტასტიკად ითვლებოდა“, – ვკითხულობთ ვერნერ უოგელსის ბლოგში.
„ხელოვნური ინტელექტის მოდელები და მიდგომები და მანქანური დასწავლის სფერო კიდევ უფრო გაუმჯობესდა – იმდენად, რომ მათი გამოყენების იმგვარ მაგალითებს ვაწყდებით, რომლებსაც აქამდე მხოლოდ ფილმებსა და კომიქსებში თუ წარმოვიდგენდით“, – წერს ვერნერ უოგელსი.
„განვითარების იმ ფაზაში შევდივართ, რომელშიც მონაცემები ჭარბად გვხვდება, მათზე წვდომა ლამის მყისიერადაა შესაძლებელი, ხოლო ამ მონაცემების დამუშავება ახალი და თითქოს შეუმჩნეველი გზებით, ლამის ავტომატურად შეგვიძლია. თუმცა, ეს ტექნოლოგია ადამიანებს როდი ჩაანაცვლებს – ის შეცვლის ჩვენს ურთეიერთობას სამყაროსთან. 2022 წელი ტექნოლოგიურად გასაოცარი იქნება და ის ჩვენს პლანეტას და თითოეულ ჩვენგანს – წინ წაგვწევს“, – აღნიშნავს Amazon-ის ტექნოლოგიური ხელმძღვანელი.
პროგნოზი #1: ხელოვნური ინტელექტის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის წარმოება ხელოვნურ შედეგებს გამოიღებს
ვერნერ უოგელსის აზრით, მომავალ წლებში ტექნოლოგიური განვითარება საგრძნობლად დაეტყობა პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების სფეროს, რადგან იმ რუტინული, განმეორებადი დავალებების შესრულებას, მათ შორის კოდის შემოწმებასა და ბაგების შესწორებას, რომელთაც დღეს პროგრამისტები ასრულებენ, მალე ხელოვნური ინტელექტი შეასრულებს, რითაც, რეალურად, კოდი უფრო უსაფრთხო და სანდო გახდება. „წარმოიდგინეთ, რომ დეველოპერი აღწერს, თუ როგორი აპლიკაცია სურს, ხოლო ხელსაწყოები მის ნათქვამს ბუნებრივი ენის აღქმის ტექნოლოგიის საშუალებით აღიქვამენ და საპასუხოდ, მუშა კოდს აძლევენ“, – ხსნის Amazon-ის ტექნოლოგიური დირექტორი.
უოგელსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ სფეროს თანდათანობითი, ზღვრული განვითარებისა, მას ჯერჯერობით რევოლუცია არ მომხდარა. „პროგრამული უზრუნველყოფის მომავლისათვის, გასული რამდენიმე წელი საფუძვლის ჩაყრის ტოლფასი იყო. Amazon DevOps Guru, Amazon CodeGuru, GitHub Copilot-ი და GPT-3-ი პირველ ნაბიჯებს წარმოადგენენ იმ მომავლისაკენ, რომელშიც მანქანური დასწავლა დეველოპმენტსა და პროგრამული ოპერაციების მუშაობაში დაინერგება, რაც დეველოპერებს კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის. მჯერა, რომ ამ მიმართულებით, მომავალ წლებში, სიახლეთა მთელ ჯაჭვს ვიხილავთ“, – წერს ვერნერ უოგელსი.
პროგნოზი #2: ყველგან არსებული მონაცემთა ღრუბელი უპირატესობას მოიპოვებს
თამამად შეიძლება ითქვას, რომ Amazon-ი მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა მონაცემთა ღრუბელში დამუშავების კუთხით და მოულოდნელი სულაც არ არის, რომ კომპანიის ტექნოლოგიური დირექტორი ამ სფეროს პოტენციალზე დადებით კონტექსტში წერს – მეტიც, მისი თქმით, მომავალი ტექნოლოგიური განვითარება ყველაზე მეტად სწორედ ამ სფეროზე აისახება. ვერნერ უოგელსს მიაჩნია, რომ 2022 წლიდან, ღრუბელზე მიბმული მოწყობილობები ყველა სივრცეში აღმოჩნდებიან, რითაც საწყობების, რესტორნების, საცალო გაყიდვების წერტილებისა და ფერმების ყოველდღიურ საქმიანობას თავდაყირა დააყენებენ.
„ერთ-ერთი, რასაც 2022 წელს, უფრო კი მომავალ წლებში ვნახავთ, ღრუბლის მიერ იმ მოულოდნელი სივრცეების ათვისება იქნება, რომლებშიც, ტრადიციულად, უაღრესად სპეციალიზებული ტექნოლოგიის სფეროდ ითვლებოდა – ამგვარად, ღრუბელი ცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის მოდელს გასცდება. ღრუბელი დაუკავშირდება თქვენს მანქანას, ჩაიდანსა და ტელევიზორს. ღრუბელი შეგვხვდება ყველაფერში, გზაზე მოძრავი ტრაილერებით დაწყებული და ტვირთმზიდი ხომალდებითა და თვითმფრინავებით დამთავრებული. ღრუბელი გლობალურად გაიშლება და დაუკავშირდება თითქმის ყველა ციფრულ მოწყობილობას, რაც კი დედამიწაზე და კოსმოსში გვხვდება.
პროგნოზი #3: ჭკვიანი სივრცეები მომრავლდება, განსაკუთრებით ხანდაზმულთა მოვლის სფეროში
ვერნერ უოგელსის მესამე პროგნოზი ჭკვიან სივრცეებსა და ღრუბელში, მანქანურ დასწავლაზე დაფუძნებულ მონაცემთა დამუშავების პროცესს უკავშირდება, რომელიც, მისი აზრით, განვითარების პირველ ეტაპზე, ყველაზე მეტად ხანდაზმულებს და მათ მომვლელებს წაადგებათ. იოგელის აზრით, 2022 წლიდან, ჩვენი სახლები და შენობები კიდევ უფრო დაჭკვიანდებიან და მარტივი ყოველდღიური დავალებების გარდა, მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობასაც შეითავსებენ – ხანდაზმულთა მოვლას.
მისი პროგნოზის საილუსტრაციოდ, ვერნერ უოგელსს იაპონური კომპანიის, Z-Works-ის მაგალითი მოჰყავს, რომელთაც ამგვარი ტექნოლოგიის გამოყენებით, ერთი საინტერესო და ძალიან ადამიანური პრობლემა გადაჭრეს: მოხუცებულთა თავშესაფართა ოთახებში მათ მრავალი სენსორი დაამონტაჟეს, რომელთა დახმარებით, სისტემას მოხუცებულთა სასიცოცხლო პარამეტრების გარდა, იმის გამორკვევაც შეეძლო, თუ რომელიმე მოხუცი საპირფარეშოში გავიდა და არ დაბრუნებულა. იაპონიისნაირ ქვეყანაში, რომელიც დემოგრაფიულ უკუსვლასა და მოსახლეობის დაბერებას ერთდროულად განიცდის, რის გამოც, მოხუცებულთა თავშესაფრებში მომუშავე პერსონალი ჭეშმარიტად დეფიციტურია, ღრუბელზე დაფუძნებული ამგვარი ტექნოლოგია – ნამდვილი მისწრებაა.
„მომავალ წლებში ჭკვიანი სივრცეები სხვადასხვა კონტექსტში გაცოცხლდებიან, მაგრამ არც ერთი არ იქნება ისეთი ეფექტიანი, როგორიც მოხუცებულთა მოვლაა. შუქის ჩაქრობის, კარის ჩაკეტვისა და ღუმელის გამორთვის მსგავსი მარტივი და ისედაც მოსალოდნელი დავალებების გარდა, ისინი უფრო კონტექსტუალურად რთულ პროაქტიურ დავალებებსაც შეასრულებენ – შეკითხვებს დასვამენ, როცა სასიცოცხლო პარამეტრები ეჭვის ქვეშ დადგება და საღი აზრის მიხედვით იმოქმედებენ, როცა ამის საჭიროება შეიქმნება. საბოლოო ჯამში, ადამიანებს უკეთესად მოვუვლით, რაც მოსახლეობის დაბერების კონტექსტში ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს სახლში დარჩენა შეეძლებათ.
პროგნოზი #4: გაჩნდება მდგრადობის არქიტექტურული გადაწყვეტები
ვერნერ უოგელსის თქმით, ამა თუ იმ აპლიკაციის არქიტექტურის მრავალმხრივი ოპტიმიზაცია, რომელიც თითოეული დეველოპერის გონებაში ერთგვარ ჩვევად არის აღბეჭდილი, სწორედ ის თვისებაა, რომელიც მომავლის ტრენდს განსაზღვრავს – ამიერიდან, დეველოპერები ისეთი არქიტექტურის შექმნაზე გადაერთვებიან, რომლებიც უშუალოდ პრობლემის აღმოფხვრის განტოლებაში, დედამიწის რესურსებსაც ჩაწერენ. ამგვარად, მდგრადობა თავს იჩენს მაშინ, როცა დეველოპერი გადაწყვეტს, როგორი სახის ენერგიის წყაროს გამოყენება სურს და რამდენი ხნით და მაშინაც, როცა ის კონკრეტული კომპანიის წარმოებულ მიკროჩიპების გამოყენებას გადაწყვეტს.
„მოდი, ვაღიაროთ: ტექნოლოგიას ელექტროენერგია სჭირდება, ხოლო ჩვენ, AWS-ში, მოწადინებულნი ვართ, რომ ჭკვიანი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები მივიღოთ. 2025 წლამდე 100%-ით განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გეგმას არათუ არ ჩამოვრჩით, მას ხუთი წლით გავასწარით კიდეც, რადგან თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ეს ცვლილება ძალაში 2030 წელს უნდა შესულიყო. თუმცა ღრუბლის, ქარის, მზისა ან ჰიდროენერგიაზე ფუნქციონირება – მდგრადობის იმ პრობლემების მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელზეც ჩვენ, დეველოპერები და, ზოგადად, ყველა, ვისაც კომპანია აქვს, პასუხს ვაგებთ. ეს არის საერთო პასუხისმგებლობა, რომელზე რეაგირებას მომხმარებლები, არსებული და პოტენციური თანამშრომლები სულ უფრო და უფრო მოგვთხოვენ“, – წერს ვერნერ უოგელსი.
პროგნოზი #5: დაკავშირების ახალი ტალღა აპლიკაციების ახალ კლასს შექმნის
ვერნერ უოგელსის აზრით, 2022 წელს და მას იქით, ციფრულ სამყაროსთან ოდნავ მაინც დაკავშირებული თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვან ცვლილებას სატელიტური ინტერნეტი გამოიწვევს, რომელიც მისი საგრძნობლად დაბალი ფასის გარდა, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში იქნება ხელმისაწვდომი.
„მომავალი ხუთი წლის განმავლობაში დედამიწის დაბალ ორბიტაზე 20 ათასზე მეტი სატელიტი განლაგდება. ამათგან 1500 Amazon-ის Project Kuiper-ის პროგრამის ფარგლებში განთავსდება, რომელიც სატელიტების ქსელის განლაგებით, დაბალი შემოსავლის მქონე მსოფლიოს გარშემო არსებულ კომუნებს სწრაფი და იაფი ინტერნეტით მოამარაგებს. ამგვარად, პლანეტარული მასშტაბის უკაბელო ინტერნეტი მასზე დაფუძნებულ აპლიკაციათა ახალ კლასს შექმნის“, – წერს უოგელსი.
წარმოდგენა იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს იაფი და ყველგან ხელმისაწვდომი ინტერნეტი ადამიანების, უფრო კი, დაბალშემოსავლიან კომუნებში მცხოვრები ადამიანებისთვის – საკმაოდ მარტივია. წარმოიდგინეთ, რა მოხდება სკოლებში, რომელთა მოსწავლეებს თანამედროვეობის მინიმალურ საჭიროებასთან, ინტერნეტთან წვდომა ექნებათ ან იფიქრეთ, როგორ განვითარდებიან მიკრო და მცირე ბიზნესები და როგორ გამოიყენებენ ისინი ამ რესურსს. სატელიტური ინტერნეტის პოტენციალი მართლაც უსაზღვროა.
„საყოველთაო დაკავშირება დაგვეხმარება იმაში, რომ ჭკვიანი სივრცეები – ჭკვიან ქალაქებად, ჭკვიან ქვეყნებად და, საბოლოო ჯამში, ჭკვიან სამყაროდ გარდავქმნათ“, – წერს ვერნერ უოგელსი.