Amazon-მა 2021 წლის შემდეგ მოგების საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა

Amazon-მა 2021 წლის შემდეგ მოგების საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალის შემოსავლების ანგარიშით, ელექტრონული კომერციისა და პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა, Amazon-მა, Wall Street-ის პროგნოზები გააუმჯობესა და 2021 წლის შემდეგ, მოგების საუკეთესო მაჩვენებელიც გამოაქვეყნა.

Amazon-ის $143.1-მილიარდიანმა შემოსავალმა გადააჭარბა ანალიტიკოსთა მოლოდინს, რომლებიც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, კომპანიის მიერ $141.5 მილიარდის შემოსავლის მიღებას ვარაუდობდნენ. FactSet-ის მონაცემებითვე, მოგებამ თითო აქციაზე $0.94 შეადგინა, ნაცვლად პროგნოზირებული $0.59-სა. გასულ წელთან შედარებით გასამმაგდა წმინდა შემოსავალიც და $9.9 მილიარდს მიაღწია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Amazon-ი მის ყველაზე დატვირთულ მეოთხე კვარტალში $160-დან $167 მილიარდამდე შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს. ელექტრონული კომერციის გიგანტის შეფასებით, ამავე პერიოდში საოპერაციო მოგება $7-$11მილიარდს უნდა გაუტოლდეს.

მართალია, გაყიდვებისთვის $163.5-მილიარდიანი პროგნოზი ჩამოუვარდება ანალიტიკოსთა $167.1-მილიარდიან მოლოდინს, თუმცა საოპერაციო მოგებაში კომპანიის საშუალომაჩვენებლიანი $9-მილიარდიანი პროგნოზის შემთხვევაში აღემატება ანალიტიკოსთა $8.5-მილიარდიან შეფასებას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ AWS-ღრუბლოვანმა გამოთვლითმა ერთეულმა Amazon-ს მესამე კვარტალში $23.1 მილიარდის შემოსავალი მოუტანა. აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ მცირედით ჩამორჩება ანალიტიკოსთა $23.2-მილიარდიანი შემოსავალის პროგნოზს და წინა კვარტალის $22.1 მილიარდის გაყიდვების ვარაუდს.

Amazon-ის აქციები მესამე კვარტალის შემოსავლების გამოქვეყნების შემდეგ, შეზღუდულ ვაჭრობაში 4%-ით, $125-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში კი მიმდინარე წელს კომპანიის აქციები 40%-ითაა გაზრდილი, თუმცა კვლავ 30%-ითაა შემცირებული 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით. თითქმის 10 წლის განმავლობაში პირველი წაგებიანი წლის მონაცემები Amazon-მა გასულ წელს გამოაქვეყნა.

2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში კომპანიამ თითქმის $16 მილიარდის წმინდა მოგება გამოაქვეყნა, თუმცა მისი წლიური მოგება, სავარაუდოდ, კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი იქნება, ვიდრე 2022 წლის რეკორდული $33 მილიარდი. Amazon-ის შემოსავლების გაუმჯობესება კი უმეტესწილად წლის დასაწყისში, 27,000 თანამშრომლის გათავისუფლებით გამოწვეულ ხარჯების შემცირებას უკავშირდება.