Amazon-მა ბიზნესისთვის ახალი AI-ჩატბოტი, სახელწოდებით – Q წარადგინა. Amazon-ის უახლესი პროდუქტი, რომლის გამოყენებასაც მომხმარებლები სამსახურში შეძლებენ, ამერიკულ კომპანიას Microsoft-სა და Google-თან კონკურენციის გაწევაში დაეხმარება.
Microsoft-ის მხარდაჭერით ერთი წლის წინ გაშვებულმა ChatGPT-იმ ტექნოლოგიური გიგანტების ძირითადი ფოკუსი გენერაციული AI-ის განვითარებისკენ მიმართა. Amazon-მა ჩატბოტი Amazon Web Services-ის Reinvent-კონფერენციაზე, ლას-ვეგასში წარადგინა. უახლესი პროდუქტის სახელწოდების შესახებ ორი მოსაზრება არსებობს – ერთი ვერსია მას ჯეიმს ბონდის ფილმების იმავე სახელის მქონე პერსონაჟს, მეორე კი სატელევიზიო შოუ Star Trek-ის Q პერსონაჟს უკავშირებს.
წინასწარი შეფასებისთვის ჩატბოტი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია, ფუნქციათა ნაწილის გამოყენება კი უფასოდაა შესაძლებელი. ბიზნესმომხმარებლებისთვის ჩატბოტის ყოველთვიური ღირებულება $20-ია, დეველოპერებისა და IT-სფეროში დასაქმებულთათვის კი ჩატბოტს დამატებითი ფუნქციები ექნება და $25 ეღირება. შედარებისთვის, ბიზნესსფეროში დასაქმებულთათვის Microsoft 365-ის Copilot-ისა და Google Workspace-ის Duet AI-ის ყოველთვიური ღირებულება $30-ია.
AWS-ის აღმასრულებელი დირექტორის, ადამ სელიპსკის განცხადებით, ჩატბოტის გამოყენება საკომუნიკაციო აპლიკაციებში, მათ შორის Salesforce-ის Slack-სა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების ტექსტის რედაქტირების აპლიკაციებშია შესაძლებელი. Q წარმოდგენილი იქნება AWS-ის ონლაინ Management Console-შიც. ჩატბოტის გამოყენებისას მომხმარებლები დოკუმენტების ატვირთვას და მის შესახებ კითხვების დასმასაც შეძლებენ.
ახალ ხელსაწყოს წყაროს კოდში ცვლილებები ავტომატურად შეაქვს, რაც დეველოპერებს საქმეს უმცირებს. სელიპსკის ინფორმაციითვე, სერვისი 40-ზე მეტ საწარმო სისტემას უკავშირდება. შედეგად კი, Q-ს საშუალებით მომხმარებელს წვდომა აქვს Microsoft 365-ში, Dropbox-ში, Salesforce-სა და Zendesk-ში არსებულ ინფორმაციასთან.