ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს ჩინეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები დააწესა. საუბარია ჩინურ ბიოტექნოლოგიურ და IT კომპანიებზე, რომლებიც ჩინეთში და ჩინეთს გარეთ საქმიანობენ. ასევე, სანქცირებული კომპანიების ნაწილი დაკავშირებული იყო ირანისთვის სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიების მიწოდებასთან. მათ შორის, სანქციები შეეხო საქართველოში დაფუძნებულ სამ იურიდიულ პირს, რომლებიც ჩინური კომპანიების შვილობილებს და მათთან აფილირებულ პირებს წარმოადგენენ.
სანქცირებულთა შორის საქართველოში მოქმედი შემდეგი კომპანიები არიან:
- Gensis Engineering;
- ROV Solutions;
- SAEROS Safety ERO Company.
საქართველოს გარდა, სანქცირებულთა შორის მოხვდნენ მალაიზიასა და თურქეთში დაფუძნებული ფირმებიც.
„სამეცნიერო მიღწევები ბიოტექნოლოგიებსა და სამედიცინო სფეროში განუზომლად მნიშვნელოვანია და მას ადამიანების გადარჩენა შეუძლია. თუმცა, სამწუხაროდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ირჩევს, რომ ეს ტექნოლოგიები საკუთარი მოქალაქეების კონტროლის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა აშშ-ის კომერციის მდივანმა, ჯინა რაიმონდომ. სია სწორედ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ინდუსტრიისა და უსაფრთხოების განყოფილებამ შეიმუშავა.