აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ეროვნული უშიშროების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი რუსეთ-უკრაინის საკითხის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მოსამზადებლად საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრნენ.
საუდის არაბეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია სტივ უიტკოფმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ ტრამპის დავალებით მიემგზავრებიან. მისივე განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის საუდის არაბეთში შეხვედრები გაიმართება. თუმცა ვის შეხვდებიან აშშ-ის წარმომადგენლები, ჯერჯერობით უცნობია.
საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის შეხვედრები ბოლო წლების განმავლობაში პირველი პრეცედენტი იქნება და ის დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის დაანონსებული შეხვედრის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. დიდი ალბათობით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრაც სწორედ იქ გაიმართება.
უკრაინისა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა უკმაყოფილება ღიად გამოთქვეს, რომ შეერთებული შტატების დელეგაციამ რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე მათი დელეგაციები არ მიიწვია. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ მიიწვიეს, შესაბამისად, ამ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები მათთვის სავალდებულო ხასიათის არ იქნება.
უკრაინის პრეტენზიას მოლაპარაკებებში მათი გამოკლების შესახებ არ ეთანხმება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აღნიშნავს, რომ შეხვედრების მიზანი პროცესში ყველა მხარის ჩართვაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული და რუსული დელეგაციები პირველ დიალოგს 18 თებერვალს გამართავენ.