ამერიკულმა კომპანია Apple-მა ყოველწლიურ ღონისძიებაზე მომხმარებლებს ახალი პროდუქტები წარუდგინა. ტექნოლოგიური გიგანტის ამ ივენთს მსოფლიო ყოველთვის დიდი მოლოდინით ხვდება. წელს Apple-მა, 2014 წლის შემდეგ პირველად, ახალი მთავარი პროდუქტი, Vision Pro წარადგინა.
მომხმარებლებს Vision Pro-სთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები ჰქონდათ, თუმცა, როგორც გაირკვა, აუგმენტური რეალობის სათვალის ფუნქციები მხოლოდ შეტყობინების გაგზავნით, FaceTime ფუნქციითა და ინტერნეტში ძებნის შესაძლებლობით შემოიფარგლება. გარდა ამისა, მოწყობილობას Mac-ის მონიტორად ფუნქციონირების შესაძლებლობაც აქვს.
AR-სათვალე კომპანიის ახალ პლატფორმაზე, საოპერაციო სისტემა VisionOS-ზე იმუშავებს. როგორც ჩანს, Apple-ის დეველოპერები სხვა საოპერაციო სისტემების მსგავსად სამომავლოდ VisionOS-ის გაუმჯობესებასაც გეგმავენ. VisionPro-ს ღირებულება $3,499 დოლარი იქნება და გაყიდვაში მომავალი წლიდან ჩაეშვება.
გარდა აღნიშნული პროდუქტისა, Apple-მა კიდევ რამდენიმე განახლების შესახებ გვამცნო. ტექნოლოგიურმა გიგანტმა $1299 დოლარად შეფასებული ახალი 15-ინჩიანი MacBook Air-ი წარადგინა. Apple-ის ახალ ნოუთბუქს ასევე კომპანიის ახალი, M2 ჩიპი ექნება. MacBook Air-ის 13-ინჩიანი ვერსიის ღირებულება $1099 დოლარი იქნება.
ამასთან ერთად, ამერიკულმა კომპანიამ არსებული საოპერაციო სისტემების განახლებების შესახებაც გვამცნო. ის iPhone-ისათვის iOS 17-ს, iPad-ისათვის iPadOS 17-ს, ხოლო Apple Watch-ისთვის watchOS 10 საოპერაციო სისტემებს ჩაუშვებს.
კიდევ ერთი საინტერესო სიახლე Apple TV-სათვის FaceTime ფუნქციის მხარდაჭერის დამატებაა.
კომპანიის მიერ ახალი პროდუქტის, VisionPro-ს წარდგენის შემდეგ, Apple-ის აქციათა ფასი მცირედით გაუფასურდა. ანალიტიკოსები აღნიშნულს მოლოდინის გაუმართლებლობას უკავშირებენ.