აპრილში უცხოური ვალუტის რეზერვები 13.4 მილიონი დოლარით შემცირდა

აპრილში უცხოური ვალუტის რეზერვები 13.4 მილიონი დოლარით შემცირდა

2015 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 13.4 მილიონი დოლარით შემცირდა. რეზერვების შემცირება ლარის კურსის სტაბილურობისთვის აპრილში სავალუტო აუქციონზე გამოტანილმა 40 მილიონმა დოლარმა განაპირობა. ბოლო ხუთ თვეში ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მიზნით ჯამში 280 მილიონი დოლარის რეზერვი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა.

ბოლო შვიდ თვეში ვალუტის ოფიციალური რეზერვები 260 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) დღემდე 658 მილიონი დოლარით.

აპრილის ბოლოს საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2228 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ დონეზე ვალუტის რეზერვები ბოლოს 2011 წლის იანვარში იყო.