არაბთა გაერთიანებული საამიროები 120 ერთეული Bayraktar TB2-ის შეძენას გეგმავს

არაბთა გაერთიანებული საამიროები 120 ერთეული Bayraktar TB2-ის შეძენას გეგმავს

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროები თურქულ კომპანია Baykar-თან ხანგრძლივ მოლაპარაკებებს იწყებს. არაბულ ქვეყანას ყველასათვის კარგად ნაცნობი უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar TB2-ის შეძენა სურს.

საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, ახლოაღმოსავლური ახალი ამბების სააგენტო Middle East Eye იტყობინება, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მოლაპარაკებებს 120 ერთეული დრონის შესყიდვის თაობაზე გამართავს.

ახალი ამბების სააგენტოს თანახმად, პოტენციური შეთანხმების ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარი იქნება და ის შეიარაღების, ამუნიციის, სამეთაურო პუნქტის მიწოდებასა და შესაბამისი წვრთნების ჩატარებასაც ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, მოლაპარაკებები Baykar-სა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სამხედრო შესყიდვების სააგენტო Tawazun-ს შორის მარტიდან იმართება. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო სამხედრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გამტკიცებას.

საინტერესოა ისიც, რომ შეთანხმების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გადასაცემი TB2 დრონების გარკვეული ნაწილები არაბთა გაერთიანებულ სამეფოში, Baykar-ის ქარხანაში დამზადდება.

შეგახსენებთ, რომ თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა მსოფლიო პოპულარობა უკრაინაში წარმატებული სამხედრო აქტივობის შემდეგ მოიპოვა. თუმცა, დრონმა საკუთარი შესაძლებლობები ბევრად ადრე, ჯერ კიდევ სირიასა თუ ყარაბაღში კონფლიქტის მიმდინარეობისას გამოავლინა.

Baykar-მა საექსპორტო ხელშეკრულება უკვე 24 ქვეყანასთან გააფორმა. თურქულ უპილოტო საფრენ აპარატებზე მოთხოვნა კი დღითიდღე იზრდება.