არაბთა გაერთიანებული საამიროები ოთხდღენახევრიან სამუშაო კვირაზე გადადის - იცვლება დასვენების დღეებიც

არაბთა გაერთიანებული საამიროები ოთხდღენახევრიან სამუშაო კვირაზე გადადის - იცვლება დასვენების დღეებიც

მომავალი წლიდან არაბთა გაერთიანებული საამიროები ოთხდღენახევრიან სამუშაო კვირაზე გადავა. მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, შეიცვლება დასვენების დღეებიც, რაც ქვეყნის ეკონომიკას და გლობალურ ბაზრებს შორის კავშირების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი, რომელიც ასევე რეგიონის კომერციულ, სავაჭრო და ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს, მუშაობის არსებულ რეჟიმს პირველი იანვრიდან შეცვლის. ამჟამად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასვენების ოფიციალურ დღეებად პარასკევი და შაბათია გამოცხადებული, რომელიც შაბათ-კვირით შეიცვლება. სამუშაო კვირის შესამცირებლად კი დასვენება პარასკევს შუადღის 12 საათზე დაიწყება. პარასკევის მუსლიმანურ ლოცვამდე მუშაობას სკოლები და სამთავრობო უწყებებიც შეწყვეტენ.

მთავრობის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ფინანსური, სავაჭრო და ეკონომიკური ტრანზაქციების გაუმჯობესებას ქვეყნებთან, რომლებიც მსგავს გრაფიკს მიჰყვებიან. ასევე ხელს შეუწყობს უფრო მძლავრი საერთაშორისო ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას და ახალ შესაძლებლობებს მისცემს როგორც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ, ასევე მრავალეროვნულ ორგანიზაციებს. გარდა საფინანსო სექტორის მიერ განვითარებულ ბაზრებთან ერთდროული ტრანზაქციით მიღებული სარგებლისა, ხელისუფლების წარმომადგენლები დასაქმებულთა კეთილდღეობაზე შეცვლილი სამუშაო გრაფიკის დადებით გავლენასაც უსვამენ ხაზს.

გასული წლის განმავლობაში, მეზობელ საუდის არაბეთთან მზარდი ეკონომიკური მეტოქეობისას, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ზომა მიიღო უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. საამიროების ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მაგალითიც აღმოჩნდეს სხვა მუსლიმური ქვეყნებისთვის, სადაც მსგავსი გრაფიკია და პარასკევი ყოველკვირეული დღესასწაულია. ამ ეტაპისთვის,  დასვენების დღეებად შაბათ-კვირა მაროკოსა და ინდონეზიაშია გამოცხადებული.

 

ფოტო: REUTERS/Mohammed Salem