აშშ: ჩინეთი რუსეთს დრონებისა და რაკეტების ნაწილებით ამარაგებს

აშშ: ჩინეთი რუსეთს დრონებისა და რაკეტების ნაწილებით ამარაგებს

უკრაინის ომის პერიოდში, ჩინეთმა რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება გაზარდა. ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, ანონიმურად, რამდენიმე გამოცემასთან განაცხადეს. ეს კი პოტენციურად შემაშფოთებელი ნიშანია ვაშინგტონისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ურთიერთობები მოსკოვსა და პეკინთან უკიდურესად დაძაბულია.

Associated Press-ისა და Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთი რუსეთს აწვდის აღჭურვილობას, რომელიც დრონების, საკრუიზო რაკეტების, ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის ოპტიკური ნაწილების შესაქმნელად გამოიყენება. გამოცემებთან საუბრისას, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ჩინურ ფირმებს რუსეთში გაყიდვების შეწყვეტისკენ მოუწოდეს, ხოლო დასავლეთისგან ჩინეთზე ზეწოლის გაძლიერება მოითხოვეს. მათივე განცხადებით, რუსეთში აღჭურვილობა ჩინეთის კომპანიების ჯგუფის გავლით იგზავნება, მათ შორისაა: Hikvision-ი, Wuhan Global Sensor Technology და Wuhan Tongsheng Technology.

AP-სთან საუბრისას, ამერიკის ოფიციალური პირები კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს შეეხნენ. მათი მტკიცებით, გასულ წელს რუსეთმა მიკროელექტრონული მოწყობილობების 90% ჩინეთისგან მიიღო. დამატებით კი მხარეები რუსეთში საჰაერო ხომალდების წარმოებაზეც მუშაობენ.

ჩინური კომპანიები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომს მხარს უჭერენ, შესაძლოა ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცნენ. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯანეტ იელენის გაფრთხილებით, ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო შესყიდვებში ჩინეთის ჩართულობით და თითოეული კომპანია, რომელიც რუსეთის არმიას უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელს შეუწყობს, მკაცრად დაისჯება.