აშშ-ის კონგრესში კენჭი უყარეს კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აიძულებს, ისრაელისათვის განკუთვნილი შეიარაღების მიწოდების საკითხი დააჩქაროს. მოგეხსენებათ, ქვეყნის დემოკრატი ლიდერები ისრაელისათვის იარაღის მიწოდებას აჭიანურებენ, რადგან ის მათ მოთხოვნებს მშვიდობიან მოსახლეობასთან მიმართებით უგულებელყოფს.
„ისრაელის უსაფრთხოების მხარდაჭერის აქტი“ კონგრესმა 224 ხმით მიიღო 187-ის წინააღმდეგ. რესპუბლიკელების ინიციატივას 16 დემოკრატი კონგრესმენი შეუერთდა, სამმა რესპუბლიკელმა კი კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტების მოსაზრებით, კანონპროექტი, დიდი ალბათობით, კანონად ვერ გადაიქცევა, თუმცა აღნიშნული აქტი კარგად წარმოაჩენს არჩევნებმოახლოებულ აშშ-ში ისრაელის მიმართ პარტიების პოლიტიკის განსხვავებას.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სრულად გაუვნებელყოფა სურს, რისთვისაც ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია კვლავ დიდი ინტენსივობით გრძელდება. თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალების „ჰამასის“ წინააღმდეგ ქმედებებს, პალესტინის ხელისუფლების მონაცემებით, 35,272 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამოქალაქო მსხვერპლის გამო ისრაელს საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები საკუთარი ქმედებების გადაფასებისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად ამისა, ნეთანიაჰუს მთავრობა და ისრაელის ომის კაბინეტი კურსის შეცვლას არ აპირებს.
ამ მიზეზით, რამდენიმე კვირის წინ ჯო ბაიდენმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელში იარაღის გაგზავნის საკითხის პოტენციური შეფერხების შესახებ მიანიშნეს. გასულ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელის $1-მილიარდიანი დახმარების პაკეტისათვის კონგრესის შეფასების პროცედურა მოითხოვა, რაც ისრაელისათვის 900- და 200-კილოგრამიანი ჭურვების მიწოდებას გააჭიანურებს. რესპუბლიკელები კი ბაიდენს ისრაელისათვის ზურგის შექცევაში ადანაშაულებენ.