აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირა

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირა

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა საგანგებო სხდომის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც საპროცენტო განაკვეთი 0-0.25%-ით განისაზღვრა.

არსებული 1.25%-იანი განაკვეთიდან (რომელიც 3 მარტის ასევე საგანგებო სხდომაზე გამოცხადდა) ეს 100-პუნქტიანი შემცირებაა. მიმდინარე განაკვეთი ყველაზე დაბალია 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ.

FED-მა ასევე გამოაცხადა 700 მლრდ დოლარიანი შესყიდვების პროგრამის დაწყების შესახებ, რის ფარგლებშიც მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე მის საკუთრებაში არსებულ სახაზინო ობლიგაციების პორტფელს მინიმუმ – 500 მლრდ დოლარით, იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების პორტფელს კი მინიმუმ – 200 მლრდ დოლარით გაზრდის. კომიტეტის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უნდა დაეხმაროს აშშ-ის ეკონომიკას სამიზნე 2%-იანი ინფლაციის მიღწევაში.

FED-ი ასევე აცხადებს თანამშრომლობის შესახებ წამყვან ცენტრალურ ბანკებთან (ინგლისის, იაპონიის, შვეიცარიის, კანადისა და ევროპის ცენტრალური ბანკები), რის ფარგლებშიც გაიზრდება და გაიაფდება წვდომა დოლარის რესურსზე ბაზრის მონაწილეთათვის.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა გავრცელება აშშ-შიც დაიწყო, FED-მა 3 მარტის საგანგებო სხდომაზე უკვე შეამცირა განაკვეთი 1.00-1.25%-მდე. მომდევნო სხდომა კი, ოთხშაბათს, 18 მარტს არის დაგეგმილი.

bm.ge

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.