ფოტო: Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა Trump Accounts-ის („ტრამპის ანგარიშების“) აპლიკაცია ოფიციალურად გაუშვა. ამერიკელი ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი საინვესტიციო პროგრამა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის „დიდი ლამაზი კანონპროექტის“ ნაწილია, ტრამპმა გასულ წელს დააინიციირა და ადრე MEGA ანგარიშების სახელით იყო ცნობილი.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, Trump Accounts-ის აპლიკაცია ხუთშაბათიდან ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ასევე Google-ის App Store-ებში. აპლიკაცია, რომელიც New York Mellon-თან და Robinhood-თან პარტნიორობით შემუშავდა, პროგრამის „მთავარი ინტერფეისი“ იქნება.
აპლიკაციაში შესასვლელად, მომხმარებელს ელექტრონული ფოსტა (რომლითაც ბავშვი პროგრამაში დაარეგისტრირეს), ტელეფონის ნომერი და პაროლი სჭირდება. ამ ეტაპის გავლის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება: „დაელოდეთ მოწვევას“. ანგარიშის გასააქტიურებლად მშობლები მოწვევას ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.
მშობლები და კანონიერი მეურვეები, რომლებმაც IRS-ის დოკუმენტაციის მეშვეობით „ტრამპის ანგარიშებზე“ თავიანთი შვილები უკვე დაარეგისტრირეს, ანგარიშის გახსნის პროცესის დასასრულებლად შეტყობინებას ხუთშაბათიდან მიიღებენ. აშშ-ის ხაზინდარ სკოტ ბესენტის განცხადებით, საინვესტიციო პროგრამაში უკვე 6 მილიონამდე ბავშვია გაწევრიანებული.
შეგახსენებთ, რომ „ტრამპის შემნახველი ანგარიშების“ შექმნაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ წელს მაიკლ დელთან, Goldman Sachs-ის აღმასრულებელ დირექტორ დევიდ სოლომონთან და Uber-ის აღმასრულებელ დირექტორ დარა ხოსროვშაჰისთან ერთად განაცხადა. გეგმის თანახმად, აშშ-ის ხაზინა 2025 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე პერიოდში აშშ-ში დაბადებული ბავშვების საინვესტიციო ანგარიშებში $1,000-ს დააბანდებს.
აქტიური შენატანების პროცესი 4 ივლისს დაიწყება. პროგრამაში ყველა ახალშობილი ავტომატურად რეგისტრირდება. მშობლებს, ან მეურვეებს, ანგარიშებზე წლიურად $5,000-მდე შეტანის უფლება ექნებათ. არსებული თანხა კი საფონდო ბირჟის საინდექსო ფონდებში ინვესტირდება. 18 წლის ასაკში ბენეფიციარებს თანხის 50%-ის გამოყენება შეეძლებათ, 25 წლის ასაკში კი – სრულად, თუმცა მხოლოდ საგანმანათლებლო ან სამეწარმეო მიზნებისთვის.













