აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენებმა MEGOBARI აქტს კენჭი უყარეს. აქტს საკანონმდებლო ორგანომ მხარი უმრავლესობით დაუჭირა. კენჭისყრას 349 მომხრე (168 რესპუბლიკელი და 181 დემოკრატი) და 42 წინააღმდეგი (34 რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი) კონგრესმენი ჰყავდა. ორპარტიულად მხარდაჭერილი კანონპროექტი ახლა კენჭისყრისთვის სენატს გადაეგზავნება, ზედა პალატაში დამტკიცების შემთხვევაში კი მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

MEGOBARI აქტის სენატში კენჭისყრამდე საკითხის შესახებ დებატებიც უნდა გაიმართოს. მოსალოდნელია, რომ კენჭისყრა რამდენიმე კვირაში შედგება. აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან კანონპროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში, აქტი კონგრესში დაბრუნდება, სადაც ვეტოს დასაძლევად ხმათა 2/3-ის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ აქტი საქართველოს პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიებს რეფორმების გეგმაზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ის საქართველოს მთავრობასთან საგარეო და სამხედრო დახმარებების აღდგენის მიმართულებით ურთიერთობების გადახედვასაც ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრების საკითხს დღის წესრიგში კვლავ დააბრუნებს. გარდა ამისა, MEGOBARI აქტი საქართველოს მთავრობას პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და გასამართლებული პირების გათავისუფლებისკენაც მოუწოდებს. მოწოდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გარშემო არსებული ყველა ბრალდების სრულყოფილ გამოძიებაზეც ვრცელდება.

MEGOBARI აქტის ორივე პალატაში დამტკიცების შემთხვევაში, 180 დღის ვადაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ეროვნული დაზვერვის დირექტორსა და თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, ვალდებულება ეკისრება, კონგრესის დახურულ კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთის სადაზვერვო უწყებების ელემენტებსა და მათ საქმიანობას შეეხება. MEGOBARI აქტი აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა უკვე მიიღო, შესაბამისად აღნიშნული ეტაპი უკვე გავლილია.