რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-ის თავზე ჩინური საჰაერო სადაზვერვო ბუშტი დაფრინავდა. ბუშტი პირველად მონტანას ზემოთ შენიშნეს. პენტაგონის თავდაპირველი ინფორმაციით, სადაზვერვო ბუშტი საწყის ეტაპზე სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენდა.
აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩინური საფრენი აპარატი ქვეყნის თავზე ჩრდილო-დასავლეთ კანადის გავლით აღმოჩნდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის საგარეო უწყებაში ჩინეთის ელჩი დაიბარეს და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით კი, საჰაერო ბუშტის აშშ-ის ტერიტორიაზე აღმოჩენა შემთხვევითობაა. ჩინურ საგარეო უწყებაში განმარტავდნენ, რომ ბუშტი სამოქალაქო დანიშნულებისაა და არ წარმოადგენდა სადაზვერვო მოწყობილობას.
ცნობისათვის, ბუშტის ზომა დაახლოებით სამი ავტობუსის მოცულობას შეადგენდა და მისი განეიტრალების შესახებ გადაწყვეტილება ბაიდენმა გუშინ მიიღო. ჩინური საჰაერო ბუშტის ჩამოსაგდებად პენტაგონმა F-22 ტიპის გამანადგურებელი გაგზავნა.
საინტერესოა, რომ მისი აშშ-ის ტერიტორიაზე აღმოჩენიდან მალევე, პენტაგონმა მსგავსი საფრენი აპარატი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეც გამოავლინა.