აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთისთვის სანქციების თავიდან აცილებაში დახმარებისთვის და სამხედრო-სამრეწველო შესაძლებლობების შემცირების მიზნით 130 ახალ სუბიექტს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებით, სანქცირებულ სუბიექტებს შორის ციმბირში თხევადი ბუნებრივი აირის მილსადენის, Arctic-2-ის მშენებლობასთან დაკავშირებული პირები და კომპანიებიც მოხვდნენ.
გარდა ამისა, სანქციების ახალი პაკეტის მიზანი Lancet-ისა და KUB-BLA-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებითი შესაძლებლობების შესუსტებაც გახლავთ. შესაბამისად, სანქცირებულთა სიაში ის სუბიექტებიც მოხვდნენ, რომლებიც რუსეთის არმიას დრონების წარმოებასა და ოპერირებაში ეხმარებიან.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების ქვეშ მოხვდა ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და ჩინეთში არსებული ათობით სუბიექტი, რომელთაც რუსეთში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია შეაქვთ. მოგეხსენებათ, ორმაგი დანიშნულების პროდუქციას რუსეთის არმია შეიარაღების დასამზადებლად იყენებს.
კომპანიები თურქეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან რუსეთში საავიაციო ნაწილებსა და ეკიპირებასაც გზავნიდნენ. ჩინურ კომპანიებს კი რუსეთში ელექტროოპტიკური ხელსაწყოები, კამერები და სარადარო კომპონენტები შეჰქონდათ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო დამატებით შვიდ რუსულ ბანკსა და ათობით ინდუსტრიულ ფირმას. ერთ-ერთი ასეთი Gazpromneft Catalytic Systems-ია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ნავთობის გადასამუშავებლად ქიმიურ აგენტებს ამზადებს.