აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საუდის არაბეთისათვის ამერიკული თავდასხმით შეიარაღების მიყიდვის აკრძალვა გაუქმდა. აღნიშნული შეზღუდვა სამი წლის წინ დაწესდა და მისი მიზანი იემენში ომის დასასრულებლად საუდის არაბეთის სამეფოზე ზეწოლის გაზრდა გახლდათ.
ცნობისათვის, საუდის არაბეთი და იემენში არსებული ჰუსიტების მოძრაობა დაპირისპირებული მხარეები არიან და მრავალი წლის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ სხვადასხვა სახის თავდასხმებს ახორციელებენ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განმარტებით, შეზღუდვა კონკრეტული სახის ჰაერი-მიწა ტიპის შეიარაღების საუდის არაბეთისათვის გადაცემაზე მოიხსნება. იარაღის შესყიდვაზე ყოველი ახალი მოთხოვნა კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად განიხილება და თანხვედრაში იქნება „კონვენციური შეიარაღების მიწოდების პოლიტიკასთან“.
გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირას შეატყობინა. ტექნიკური პროცესების დროულად დასრულების შემთხვევაში საუდის არაბეთისათვის იარაღის მიწოდება შესაძლოა მომდევნო კვირიდან განახლდეს.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, მსხვილი საერთაშორისო შეთანხმებების ფინალიზებამდე საკითხმა კონგრესის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. გასული წლების განმავლობაში საუდის არაბეთისათვის შეიარაღების მიყიდვის საკითხს აქტიურად ოპონირებდნენ როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი კონგრესმენები. ამის მიზეზი კი იემენის ომის მიმდინარეობა და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები გახლდათ. თუმცა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმისა და იემენელი ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში თავდასხმების გახშირების შემდეგ მათი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში გაეროს მიერ ორგანიზებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, საუდის არაბეთსა და ჰუსიტებს შორის შეტაკებები შეწყდა და მას შემდეგ არ განახლებულა.