აშშ-ში ამ დრომდე მხოლოდ 1 მლნ ადამიანს გაუკეთეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. დეკემბრის თვის მიზანს კი 20 მლნ ადამიანის ვაქცინაცია წარმოადგენდა. ამის შესახებ CNBC წერს. ამიტომაც ქვეყანას ერთი კვირა დარჩა იმისათვის, რომ დარჩენილი 19 მლნ ადამიანი აცრას, მაგრამ რამდენად შეასრულებს გეგმას, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ცნობისთვის, ამჟამად აშშ-ში ორი კორონავირუსის ვაქცინაა ავტორიზებული: Pfizer-ის და Moderna-ს. როგორც ცნობილია, ქვეყანაში ჯამში 9.5 მლნ დოზა ვაქცინა უკვე ტრანსპორტირებულია. პირველ ეტაპზე აცრას უკეთებენ მოხუცებს და სამედიცინო პერონალს.
ინვესტორები და ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის ეკონომიკის გადარჩენის საშუალებად სწორედ მასობრივ ვაქცინაციას მიიჩნევენ. გარდა იმისა, რომ აშშ-ის ეკონომიკა მძიმე დღეშია, ვირუსს ქვეყანაში უკვე 334 233 ადამიანი შეეწირა, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი თითქმის 19 მილიონს შეადგენს.