პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ უკრაინაში დამატებით $1.3 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაგზავნის. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განმარტებით, სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად. თუმცა ამავდროულად მისი მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებლობების გაზრდაა.
ამერიკული სამხედრო დახმარება უკრაინისათვის 4 ერთეული NASAMS-ის ტიპის ჰსთ-სისტემის, 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების, 150 ერთეული საწვავის სატვირთოს, Phoenix Ghost-ისა და Switchblade-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების, დაცული კომუნიკაციის ტაქტიკური სისტემებისა და სათვალთვალო აღჭურვილობის, ასევე სწავლებებისათვის საჭირო ბიუჯეტის გადაცემას ითვალისწინებს.
აღნიშნული სამხედრო დახმარება აშშ-ისგან უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყო. ეს სისტემა ქვეყნის მხრიდან პარტნიორებისა და სამხედრო კონტრაქტორებისაგან შეიარაღების შესყიდვასა და შემდეგში უკრაინისათვის გადაცემას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, აშშ უკრაინისათვის შეიარაღების გადასაცემად სხვა მიდგომასაც იყენებს, რომლის მიხედვითაც სამხედრო აღჭურვილობა პირდაპირ ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გამოიყოფა.