ოქსფორდის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ კომპანია AstraZeneca ვაქცინაზე ცდების ჩატარებას კვლავ გააგრძელებს. ცნობისთვის, კვლევის შეფერხების მიზეზი ერთ-ერთ პაციენტში გამოვლენილი გვერდითი მოვლენები გახდა. ინციდენტის შემდეგ, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოების კერძო კომიტეტმა და ინგლისის სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დაამოწმა, რის შემდეგაც უსაფრთხოების ორივე კომიტეტმა AstraZeneca-ს დართო ნება იმისა, რომ კლინიკური კვლევები გაეგრძელებინა.
AstaZeneca-ს ვაქცინის კლინიკური შემოწმების ამ ეტაპზე 18,000 მოხალისეა ჩართული. დამატებით, ოქსფორდი დაახლოებით 30,000 მოხალისეს ეძებს აშშ-ში. ვაქცინაზე მომუშავე კომპანიის განცხადებით, პაციენტს, რომლის გამოც შეფერხდა კლინიკური კვლევები, ხერხემლის იშვიათი ანთება დაემართა.
“იმისათვის, რომ კოვიდ-19-ის პანდემია დროულად დავძლიოთ, საჭიროა შევიმუშავოთ ისეთი ვაქცინები, რომლის მოხმარებითაც საზოგადოება თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. ამრიგად, ყველა კომპანიისთვის გადამწყვეტია, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვოს და დასკვნები ზედმეტი დამოწმების გარეშე არ გააკეთოს”, – განაცხადა კემბრიჯის პროფესორმა შარლოტა სამერსმა.
შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ვაქცინის სამი კანდიდატია მოწინავე პოზიციებზე. AstaZeneca-ს გარდა, მათ შორის არის კომპანია Moderna-ს ვაქცინა აშშ-ში და გერმანული BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინა. ორივე მათგანი შემოწმების მესამე ფაზაზეა.