22 ივნისს, ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი, ბოლო მონაცემებით, 1500-ს შეადგენს. გარდა ამისა, მიწისძვრის შედეგად 3000-მდე სახლი განადგურდა.
5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 160 კილომეტრის მოშორებით, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს არსებული ტერიტორია იყო.
გადაუდებელ სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანია მოყოლილი. შესაბამისად, მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.
ავღანეთს ჰუმანიტარული დახმარება უკვე არაერთმა პარტნიორმა სახელმწიფომ გაუგზავნა. მათი წარმომადგენლების ნაწილი კი ადგილზეც ჩავიდა. ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის სურვილი იაპონიამ და სამხრეთ კორეამაც გამოთქვეს. გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამა (WFP) დაზარალებულ ოჯახებსა საკვებსა და ლოგისტიკურ აღჭურვილობას გაუგზავნის.
ეს ავღანეთში გასული 20 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე მძლავრი მიწისძვრაა. დაახლოებით მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ქვეყანაში ბოლოს 2002 წელს მოხდა. ეპიცენტრი მაშინაც პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს არსებული ტერიტორია იყო.
ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე მყოფ ავღანეთს აღნიშნულ კატასტროფასთან გამკლავება კიდევ უფრო გაუჭირდება. შეგახსენებთ, რომ თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ქვეყანას საერთაშორისო აქტივები გაეყინა და დონორების მიერ გაწეული ყოველწლიური დახმარებები შეუჩერდა. შესაბამისად, ავღანეთში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა.