ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარებას საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელ Axel-თან პარტნიორობით ახორციელებს, რასაც ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტი, „საქართველო: ინოვაციის შესაძლებლობების გაზრდა“ (Georgia: Increasing Capacity for Innovation-GICI) ითვალისწინებს. ამის შესახებ „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ოფისისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ პრესრელიზში არის ნათქვამი.
GICI-ის ფარგლებში, Axel-ის წევრები მონაწილეობას მიიღებენ 9-თვიან პროგრამა Learn-by-doing-ში (ისწავლე კეთებით), რომელსაც გამოცდილი ანგელოზი ინვესტორები და ინვესტორთა ჯგუფის მმართველები წარუძღვებიან. პროგრამის მიზანია სტარტაპებში ინვესტირების ძირითად ასპექტებში გამოცდილების გაღრმავება, ასევე, სტარტაპ ინვესტიციების პორტფელის შექმნისა და მართვის შესწავლა.
„პროგრამაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ თავიანთი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიც არის სტარტაპების შეფასება, ტექნიკური და ფინანსური შემოწმების ჩატარება, სინდიკატის ფორმირება, საინვესტიციო პორტფელის მართვა და ა.შ. პროგრამა დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო, რომ შემოგვიერთდეთ,“ – აცხადებს Axel-ის მმართველი დირექტორი, თათული ოქრიაშვილი.
ქოუჩინგს ევროპისა და აშშ-ს გამოცდილი ანგელოზი ინვესტორები და ინვესტორთა ჯგუფის მენეჯერები გაუძღვებიან. ისინი ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მართვის საუკეთესო პრაქტიკას Axel-ის ხელმძღვანელობასაც გაუზიარებენ.
საქართველოში, განსაკუთრებით, ინოვაციური ტექნოლოგიების სტარტაპების დამფუძნებლებისთვის ფინანსებზე, მითუმეტეს, „ჭკვიან ფულზე“ ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. ამდენად, ბიზნეს ანგელოზის ინვესტიცია სასტარტო კაპიტალის ახალი ფორმაა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, სიგრიდ ბრეტელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ხელს შეუწყობს მწვანე და ციფრულ გადასვლას საქართველოში, რაშიც Axel-ის საქმიანობა და მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
„მსოფლიო ბანკის მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის ზრდას და ანგელოზი ინვესტორების ძლიერი ქსელი გადამწყვეტ როლს ასრულებს მის განვითარებაში. მე მჯერა, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ამოქმედებითა და ახალ იდეებში ნოუჰაუს დანერგვით საქართველო კარგად იქნება აღჭურვილი როგორც ციფრული ისე მწვანე ტრანსფორმაციის გზაზე.“ – ამბობს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი.
მიმდინარე წლის ივნისში დაფუძნებული Axel უკვე 40-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს. ქსელის მიზანია დააჩქაროს ტექნიკური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება Smart Money-ის ინვესტიციების ხელშეწყობით.
ამჟამად Axel ქართულ-სკანდინავიურ სინდიკატს ქმნის, რაც ადგილობრივ სტარტაპებში ტრანსსასაზღვრო ინვესტიციებიდან ერთ-ერთი ინიციატივაა. გარდა ამისა, Axel ევროპული ბიზნეს ანგელოზების ქსელის, EBAN-ის წევრი გახდა, რის შედეგადაც საქართველო ევროპის ანგელოზთა ინვესტიციების რუკაზე გამოჩნდა.