ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტს გამოაცხადებს

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტს გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას $500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას – მათ შორის დამატებითი იარაღისა და აღჭურვილობის სახით – მიაწვდის. აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეს იქნება სამხედრო დახმარებების ბოლო პაკეტი, რომელსაც კიევი პრეზიდენტ ბაიდენის მიერ კაბინეტის დატოვებამდე მიიღებს.

დასავლური გამოცემების ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს სავარაუდოდ ხუთშაბათს, გერმანიაში გამართული შეხვედრის დროს გამოაცხადებს. გერმანიის ქალაქ რამშტაინის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს (UDGC) უმასპინძლებს.

ჯგუფის რიგით 25-ე შეხვედრაზე, რომელიც 50-მდე ქვეყანას მოიცავს, ოსტინს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდება. ცნობისთვის, უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოებისგან შემდგარი ჯგუფი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ხელმძღვანელობით, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევისთვის შეიარაღების მიწოდების დაჩქარებისა და სინქრონიზებისთვის, შეიქმნა.

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $63.5 მილიარდზე მეტის დახმარება გაუწია. ბაიდენის კაბინეტის ბოლო, $500-მილიონიანი პაკეტი კი PDA-ის პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აშშ კიევს პენტაგონის არსებული მარაგებიდან ეხმარება.

გამოყოფილი თანხიდან დაახლოებით $3.8 მილიარდი გამოუყენებელი რჩება, რომლის განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას უკვე ახალი ადმინისტრაცია მიიღებს, არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. შეგახსენებთ, ტრამპი თანამდებობას 20 იანვარს დაიკავებს.