ბაიდენმა უკრაინას რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა

ბაიდენმა უკრაინას რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ამერიკული რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის გამოყენებას უახლოესი დღეების განმავლობაში შეეცდება.

ჯერჯერობით უცნობია ბაიდენის ნებართვა რუსეთის ნებისმიერ რეგიონზე ვრცელდება, სადაც ამერიკული რაკეტები მიაღწევს თუ შეზღუდვა მხოლოდ კონკრეტული არეალებისთვის მოიხსნა. თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს სიახლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საინტერესოა, რომ ჯო ბაიდენმა აღნიშნული გადაწყვეტილება დონალდ ტრამპისთვის ესტაფეტის გადაბარებამდე ორი თვით ადრე მიიღო, რაც უჩვეულოა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი თეთრ სახლში ინაუგურაციის შემდეგ, იანვარში შევა. მანამდე კი ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ ჯო ბაიდენია. პოლიტიკური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტრამპი ვადის დაწყებიდან მალევე აღნიშნულ შეზღუდვას კვლავ დააბრუნებს, შესაბამისად, უკრაინელებს უპირატესობის გამოსაყენებლად მხოლოდ ორი თვე აქვთ.

პოლიტიკური მიმომხილველები ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას შიდაპოლიტიკური პროცესებით ხსნიან. დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაიდენს ტრამპის მიერ გადაწყვეტილების შეცვლით რეპუტაციული ზიანის მიყენება სურდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაიდენს შეზღუდვის გაუქმების გადაწყვეტილება თვეების წინ უნდა მიეღო.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ მომენტისთვის ბაიდენის მიერ შეზღუდვის გაუქმება უკრაინელებს სტრატეგიულ უპირატესობას ვერ მოაპოვებინებს, რადგან მათ შეიარაღებაში საკმარისი რაოდენობის ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები არ მოიპოვება. თუმცა, თუ აშშ უკრაინას რაკეტების დიდ პარტიას მიაწვდის, სიტუაცია შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ მოიქცევა დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაბარების შემდეგ.