მოდის სახლი Balenciaga, სარეკლამო კომპანია North Six-ს უჩივის და ზიანის ასანაზღაურებლად $25 მილიონს ითხოვს. სარჩელში, რომელიც Balenciaga-მ ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში შეიტანა, ნათქვამია, რომ North Six-მა და დეკორაციის ხელმძღვანელმა ნიკოლას დე ჟარდენმა, სარეკლამო კამპანიაში მათი ნებართვის გარეშე გამოიყენეს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები.
„შედეგად საზოგადოებამ და მედიამ არასწორად დააკავშირეს Balenciaga ამაზრზენ და ღრმად შემაშფოთებელ თემასთან“, – ვკითხულობთ მოდის სახლის მიერ წარდგენილ სასამართლო დოკუმენტებში. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ფოტოს, სადაც Balenciaga-ს ჩანთა დოკუმენტებით სავსე მაგიდაზე დევს, ერთ-ერთი დოკუმენტი კი სწორედ ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეს წარმოადგენს. საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ Balenciaga-მ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები წაშალა.
თავად სარეკლამო კომპანია North Six-ის წარმომადგენელს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ხოლო Balenciaga-მ ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა და განაცხადა, რომ გრძნობს სრულ პასუხისმგებლობას კამპანიაზე არასაკმარისი ზედამხედველობისა და კონტროლის გამო.
აღსანიშნავია, რომ მოდის სახლს ბოდიშის მოხდა კიდევ ერთი სარეკლამო კამპანიისთვის მოუწია. ამ შემთხვევაში Balenciaga-ს ფოტოებზე ბავშვები არიან გამოსახულნი, რომელთაც ხელში BDSM-ის ელემენტებით გაფორმებული „ტედი დათუნიების“ ჩანთები უჭირავთ. კომპანიამ მოგვიანებით ეს ფოტოებიც წაშალა.
სარეკლამო კამპანიებთან დაკავშირებული სკანდალების შემდეგ, კიმ კარდაშიანმა, რომელიც Balenciaga-სთან ბოლო პერიოდში აქტიური თანამშრომლობით გამოირჩეოდა და ჩვენებებშიც იღებდა მონაწილეობას, განაცხადა, რომ მოდის სახლთან მის სამომავლო ურთიერთობებს გადააფასებს. კარდაშიანის თქმით, ბავშვთა უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული და საზოგადოებაში ბავშვებზე ძალადობის ნორმალიზების არანაირ მცდელობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.