ბაფეტმა Berkshire-ის $758 მილიონის ღირებულების აქციები ქველმოქმედებას შესწირა

ბაფეტმა Berkshire-ის $758 მილიონის ღირებულების აქციები ქველმოქმედებას შესწირა

უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის $758 მილიონზე მეტის ღირებულების აქციები საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა. Forbes-ის შეფასებით, 92 წლის ბიზნესმენის ქონება ამჟამად $110.2 მილიარდს უტოლდება.

ბაფეტმა, 1.5 მილიონი B-კლასის აქცია მისი გარდაცვლილი მეუღლის სახელობის, „სუზან ტომპსონ ბაფეტის ფონდს“ შესწირა. 900,000 აქცია კი თანაბრად, შემდეგ ფონდებზე გადანაწილდა: „შერვუდის ფონდი“, „ჰოვარდ ბაფეტის ფონდი“ და NoVo-ს ფონდი. აღსანიშნავია, რომ მილიარდერმა, შემოწირულების განხორციელებამდე, A-კლასის 1,600 აქცია B-კლასის 2.4 მილიონ აქციაში გადაიყვანა.

ცნობისთვის, ინვესტორ უორენ ბაფეტის სიმდიდრე, მიმდინარე წლის ოქტომბერში, $8.9 მილიარდით (9.4%) გაიზარდა. ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway ისეთ კომპანიაში ფლობს წილებს, როგორიც American Express-ი, Coca-Cola და Chevron-ია. მიუხედავად გასული თვის ზრდისა, მილიარდერის ამჟამინდელი ქონება, წლის დასაწყისთან შედარებით, ჯერ კიდევ 5.3%-ით ნაკლებია.

შეგახსენებთ, რომ უორენ ბაფეტმა საქველმოქმედო ინიციატივა, სახელწოდებით Giving Pledge-ი, 2010 წელს, ბილ და მელინდა გეიტსებთან ერთად წამოიწყო. მილიარდერი, სიცოცხლის განმავლობაში, ქონების 99%-ის საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენებას გეგმავს. ბაფეტმა „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს“ Berkshire-ის $32 მილიარდზე მეტის ღირებულების აქციები უკვე გადასცა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *