გლობალური ბაზრის კვლევის კომპანია Euromonitor International-ის უახლეს ანგარიშში, ერთ სულ მოსახლეზე განკარგვადი შემოსავლების სწრაფი ზრდით, ბათუმი და ზუგდიდი პირველ ათ ქალაქს შორის მოხვდა. კვლევა 2018-2023 წლების პერიოდს მოიცავს.
Euromonitor-ის ანგარიშში, ბათუმი და ზუგდიდი რეიტინგის მე-7 და მე-8 პოზიციებზეა წარმოდგენილი. ათეულშია თურქეთის ორი ქალაქიც, იზმირი და ანტალია, შესაბამისად, მე-2 და მე-4 ადგილებზე, ხოლო რეიტიგის ლიდერი ჩილეში მდებარე საპორტო ქალაქი ანტოფაგასტაა. ხუთეულშია ჩინეთის ქალაქი დატონგი და ყაზახეთის კოსტანაი.
ტოპ-10 ქალაქი ერთ სულ მოსახლეზე განკარგვადი შემოსავლების სწრაფი ზრდით (აშშ დოლარი)
ანგარიშის მკვლევართა შეფასებით, განკარგვადი შემოსავლების ზრდის ტენდენციით, განსაკუთრებით აზიის განვითარებადი ქალაქები ხასიათდება. ეს ტენდენცია ხელს ახალი, ურბანული საშუალო კლასის ჩამოყალიბებას უწყობს.
გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს უფრო მეტი ფული უჩნდებათ დასახარჯად, მათი შემოსავლებიდან უფრო დიდი ნაწილი გადადის დისკრეციულ დანახარჯებზე. ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობა ბევრად უფრო მეტ ფულს ხარჯავს ძირითადი საჭიროების მიღმა, სხვადასხვა პროდუქციასა და სერვისზე. ხარჯვის ქცევის მსგავსი ცვლილება, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის მეტ შესაძლებლობას ნიშნავს და მათ შემოსავლებზეც აისახება.
ამის პარალელურად კი, ანგარიში აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ აზიის ქალაქთა უდიდეს ნაწილში მოსახლეობის დაბერების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მკვეთრი ზრდა 2040 წლისთვისაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნებში გაიზარდოს ისეთი პროდუქცია და სერვისები, რომლებიც ხანდაზმული მოსახლეობის მოთხოვნებთან იქნება შესაბამისობაში.
ცნობისთვის, განკარგვადი შემოსავალი შემოსავლის ის ნაწილია, რომელიც მომხმარებელს ყველა საჭირო გადასახადის დაფარვის შემდეგ – მათ შორის საცხოვრებლის, კომუნალურის, საკვების – დისკრეციული გამოყენებისთვის რჩება. განკარგვადი შემოსავლის ზრდასთან ერთად სამომხმარებლო ხარჯიც იზრდება.