ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო BBC-ის ინფორმაციით, ფინეთი ნატოში გაწევრიანების პროცესს მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვნად შეცვლის. უკვე ცნობილია, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანება მიუღებელი იქნება კრემლისთვის. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ფინეთის მოსახლეობაში კოლექტიური მეხსიერება გამოაღვიძა და ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.
ცნობისთვის, ფინეთს რუსეთთან 1,300-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აკავშირებს. შესაბამისად, ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ ფინეთის შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იმყოფება, თუმცა ნეიტრალიტეტი მოსახლეობის არჩევანი იყო. ახლა კი კვლევებით დასტურდება, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე მოსახლეობის განწყობაც იცვლება.
თავდაპირველად ფინეთისა და შვედეთის მთავრობების ნატოში გაწევრიანების პროცესის დაწყებისათვის მზაობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. BBC-ის ცნობით, კი ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ფინეთის მთავრობა მიმდინარე კვირიდან დაიწყებს.