ჯეფ ბეზოსის საქმეები საკმაოდ კარგად მიიწევს წინ. მის მიერ დაფუძნებული Amazon-ის აქციების ფასი, ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, იმატებს. ოთხშაბათის მონაცემებით, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ $1,54 ტრილიონს მიაღწია. ეს მას შემდეგ რაც კომპანია 26 წლის წინ დაარსდა, უმაღლესი მაჩვენებელია. ბეზოსი კომპანიის 11.1%-ის მფლობელია, Amazon-ის აქციების ზრდის ფონზე კი ბეზოსის ქონებამ $182.6 მილიარდს მიაღწია. ესეც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თითქმის ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში.
შეგახსენებთ, Amazon-ის აქციები მარტის პირველ კვირებში 15%-ით შემცირდა, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ აქციების ფასი რეკორდულად იმატებდა და თუ მარტის მონაცემებს შევადარებთ, დღეს ამ კომპანიის აქციები 80%-ზე მეტითაა გაზრდილი.
ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის „ტიტული“ 2017 წლის ივლისში მოიპოვა. 2018 წლის ოქტომბერში კი ის გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც 100 მილიარდს გადააჭარბა. მაშინ მან Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსს გადაუსწრო. თუმცა, ახლა გეითსი მეორე ადგილს იკავებს მილიარდერთა რეიტინგში. ბეზოსი კი გეითსზე $70.2 მილიარდით უფრო მდიდარია.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბეზოსმა Amazon-ის აქციების მეოთხედი გასულ წელს თავის ყოფილ მეუღლეს მაკენზი ბეზოსს გადასცა განქორწინების ფარგლებში. თავის მხრივ მაკენზის ქონება ახლა $59.8 მილიარდია, შედეგად ის მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ქალია. ეს განქორწინება რომ არა, ჯეფ ბეზოსის ქონება დღეს დაახლოებით $240 მილიარდი იქნებოდა.
თუმცა, ჯეფ ბეზოსის ქონება მაინც მზარდია, მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ის თანამშრომლები აპრილის შემდეგ არაერთხელ გამოვიდნენ პროტესტით. ისინი კომპანიას უსაფრთხოების ზომების არასათანადოდ უზრუნველყოფაში ადანაშაულებენ.