Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა მიმდინარე კვირას $3 მილიარდზე მეტის ღირებულების აქციები გაყიდა. ამის შესახებ CNBC წერს.
ცნობისთვის, ბეზოსმა ბოლოერთი წელია აქციების გაყიდვა გაახშირა. მან აგვისტოში Amazon-ის $3.1 მილიარდზე მეტის ღირებულების აქციები გაყიდა. თებერვალში კი გაცილებით მეტი – $4.1 მილიარდზე მეტის ღირებულების. ამ ყველაფერს თუ გასულ წელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2019 წელს მან ჯამში მხოლოდ $2.9 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა.
ბოლო გაყიდვების შემდეგ, ბეზოსის მფლობელობაში Amazon-ის 53 მლნ აქცია დარჩა, რაც $170 მილიარდის ღირებულებისაა, ის კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.
Amazon-ში აქციების ბოლო გაყიდვასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, ჯეფ ბეზოსს ადრე ნათქვამი აქვს, რომ ყოველწლიურად Amazon-ის $1 მილიარდის ღირებულების აქციას ყიდის, რათა მისი სტარტაპი Blue Origin დააფინანსოს.