მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ საკუთარი რეკორდი მოხსნა. ბიტკოინის ღირებულებამ რამდენიმე საათის წინ $69,000-ს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ბიტკოინის ღირებულება რეკორდულ ნიშნულზე 2021 წლის ნოემბერში იყო და მაშინ კრიპტოაქტივი $68,999.99 ღირდა. მას შემდეგ ბიტკოინის ღირებულება $16,000-მდეც კი იყო შემცირებული.
თუმცა, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიის მიერ ბიტკოინის საფონდო ინდექსით ვაჭრობის დაშვების შემდეგ მისი ღირებულება თანდათან გაიზარდა. დღეს კი საკუთარი რეკორდი მოხსნა, რითიც კრიპტოინვესტორებს დადებითი მოლოდინები შეუქმნა.
$69,200-იან ნიშნულის გადაჭარბების შემდეგ, კრიპტოვალუტის ღირებულება მცირედით შემცირდა. ამჟამად ბიტკოინი საერთაშორისო კრიპტობირჟებზე $63,200-ად ივაჭრება. ცნობისათვის, საფონდო ბირჟებზე კომპანიების აქციებით ვაჭრობისაგან განსხვავებით, კრიპტობირჟები 24 საათის განმავლობაში ოპერირებენ. შესაბამისად, კრიპტოვალუტების ფასებიც ყოველწამიერად იცვლება.