ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) ოთხწლიან მინიმუმზეა. კერძოდ, 2025 წლის I კვარტლისთვის ინდექსი 8.8 პუნქტით შემცირდა და -5.0-ს გაუტოლდა. კვლევაში მონაწილეობა 27-მა მსხვილმა კომპანიამ, ასევე 92-მა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო.
კვლევითი ინსტიტუტის დაკვირვებით, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურების (-21.5) სექტორში შეინიშნა. „BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა,“ – წერია ანგარიშში.
ბიზნესის განწყობის ინდექსის კვარტალური ცვლილება (BCI) 2017-2025 წლებში
![](https://forbes.ge/wp-content/uploads/2025/02/476457744_616464917771562_5854527802426774106_n.jpg)
შეგახსენებთ, მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე დაყრდნობით დგება. 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით ეს მონაცემი 22.4 პუნქტით შემცირდა და 2025 წლის I კვარტლისთვის -18.6-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება სოფლის მეურნეობისა (-50.0) და მომსახურების (-30.8) სექტორებში დაფიქსირდა.
რაც შეეხება ბიზნესის მოლოდინების ინდექსს, იგი გვიჩვენებს, თუ რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავლის მიმართ ბიზნესსექტორი. ამ კუთხით მაჩვენებელი -9.9 პუნქტამდე შემცირდა. მოლოდინების საგრძნობი გაუარესება ამ შემთხვევაშიც სოფლის მეურნეობისა (-50.0) და მომსახურების (-31.0) სექტორებში დაფიქსირდა.
დაბოლოს, გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 2025 წლის I კვარტლისთვის 6.9-ით გაიზარდა და 20.0 პუნქტი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესების რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამ თვეში საკუთარ პროდუქტებზე ფასების მატებას ვარაუდობენ, გაიზარდა.
„2025 წლის I კვარტლისთვის, მსხვილი ბიზნესებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე წარმოადგენს. შემზღუდველი ფაქტორებიდან „სხვა“ ფაქტორები მეორე ადგილზე დგას მსხვილი ბიზნესებისთვის. რაც შეეხება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, მათთვის საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორები მოთხოვნის და კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირეა,“ – აღნიშნულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშში.