გერმანული ავტომწარმოებლის, BMW-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ზიპსის მიერ შანხაის ავტოშოუზე გაკეთებული განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოდან კომპანია ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილ საკუთარ ავტომობილებში ხელოვნური ინტელექტის ჩინური მოდელის DeepSeek-ის ინტეგრაციას დაიწყებს.
BMW-ის აღმასრულებელ დირექტორს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ მოხდება AI-მოდელის ინტეგრაცია ავტომობილების პროგრამულ უზრუნველყოფაში ან რა კონკრეტული დავალებების შესრულება შეეძლება მას. თუმცა ოლივერ ზიპსმა განმარტა, რომ ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეგახსენებთ, DeepSeek-ი ხელოვნური ინტელექტის ჩინური მოდელია, რომლის მიმართ ინტერესიც ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. პოპულარული AI-ჩატის ChatGPT-ის მსგავსად, DeepSeek-ს კომპლექსური და კრეატიული დავალებების შესრულება შეუძლია, AI-ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით, ხშირ შემთხვევაში ChatGPT-ზე უკეთაც. DeepSeek-თან დაკავშირებით განსაკუთრებული აჟიოტაჟი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჩინელმა დეველოპერებმა ხელოვნური ინტელექტის მოდელი მხოლოდ $6 მილიონის ღირებულების Nvidia-ს H800 ჩიპის გამოყენებით შექმნეს. წლის დასაწყისში DeekSeek-ის AI-ასისტენტმა შეერთებულ შტატებში iOS-ის App Store-ზე პოპულარობით ChatGPT-ის გადმოწერებსაც გადაასწრო.
ცნობისთვის, DeepSeek-ს აშშ-ის მთავრობა ეროვნული უშიშროების საფრთხედ აღიქვამს და საჯარო მოხელეებს სამთავრობო მოწყობილობებზე მის გამოყენებას უკრძალავს.