ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემებით, ჩინეთი გაერთიანებული სამეფოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ბრექსიტის შემდეგ, საქონლის იმპორტით ჩინეთმა გერმანია ჩაანაცვლა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ბრიტანეთიდან ექსპორტის შემცირებაა ევროკავშირის სახელმწიფოებთან ბრექსიტის გამო და კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, ხოლო მეორე მხრივ – ჩინეთის მზარდი ეკონომიკა.
ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით, ევროკავშირის ქვეყნებთან სასაქონლო ვაჭრობა 2018 წლის პირველ სამ თვესა და 2021 წლის პირველ სამ თვეს შორის 23%-ით შემცირდა. ხოლო ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთან იგივე მონაცემი მხოლოდ 0.8%-ითაა შემცირებული.
გაერთიანებული სამეფოს ტრადიციულმა სავაჭრო პარტნიორნმა, გერმანიამ, ევროკავშირის ყოფილ წევრთან სავაჭრო ურთიერთობების შემცირება 2019 წლიდან დაიწყო. ამის მიზეზად სახელმწიფოს ევროკავშირიდან გასვლით შემცირებულ ბიზნესენთუზიაზმს ასახელებენ.
2020 წლის შუა პერიოდში კი ამას დაემატა პანდემია და მისი შეზღუდვები, რამაც ეკონომიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაასუსტა, გერმანიას კი მთავარი სავაჭრო პარტნიორი დააკარგვინა.
მთლიანობაში გერმანული პროდუქციის იმპორტი გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 11.8 პროცენტით დაეცა სამი წლის წინანდელ მონაცემთან შედარებით, რომლის მიხედვითაც მთლიანი პროდუქციის ღირებულება 14.4 მილიარდ ევროს შეადგენდა. სანაცვლოდ კი ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის რიცხვი 66%-ით გაიზარდა და საერთო ღირებულებამ 19.5 მილიარდი ევრო შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაერთიანებულ სამეფოში იმპორტირებული საქონლის 16.1% სწორედ ჩინეთზე მოდის.