მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გერმანული ენერგოკომპანია Uniper-ის წმინდა ზარალმა 12.3 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანიის ზარალი უმეტესწილად რუსული გაზის მიწოდების შემცირების შემდეგ, ბუნებრივი აირის სხვა მომწოდებლისგან უფრო მაღალ ფასად შესყიდვამ განაპირობა. ცნობისთვის, გასულ თვეში, Uniper-მა 15 მილიარდი ევროს მოცულობის სახელმწიფო დახმარება მიიღო.
გერმანიაში რუსული გაზის უმსხვილესი იმპორტიორის ინფორმაციით, კომპანიის წმინდა ზარალის ნახევარზე მეტი მოსკოვიდან გაზის მიწოდების მკვეთრად შემცირებით იყო გამოწვეული. „რუსეთიდან მიწოდების მკვეთრი ვარდნით გამოწვეული მილიარდობით ზარალის ფასად, Uniper-ი თვეების განმავლობაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა გერმანიის გაზის მიწოდების სტაბილიზაციაში“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
თუმცა, მიწოდების შემცირების გარდა, 2.7 მილიარდი ევროს ზარალი დაკავშირებულია Nord Stream 2-ის გაუქმებულ მილსადენთან, ისევე როგორც Uniper-ის რუსულ ბიზნეს Unipro-სთან. Uniper-ისთვის ახლა უმნიშვნელოვანესია გაზის ალტერნატიული მომწოდებლის პოვნა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველი ნახევრისთვის, Uniper-ის ხელმძღვანელობით, ტერმინალებით თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა დაიწყოს.
სახელმწიფო დახმარების ფარგლებში, გერმანია Uniper-ის 30%-იანი წილის სანაცვლოდ, კომპანიას KfW ბანკის საშუალებით 9 მილიარდი ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფას დაჰპირდა. დაპირებული თანხიდან 5 მილიარდი ევრო უკვე გატანილია. Uniper-ს მიმდინარე წლის პერსპექტივაზე საუბარი უჭირს, თუმცა მომავალ წელს მოგების მაჩვენებლის გაუმჯობესებას ელოდება. კომპანიის მიზანი, 2024 წლის დასაწყისში „ზარალის ზონის“ დატოვებაა.