დანიურმა ლუდსახარშმა კომპანია Carlsberg-მა რუსეთში ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მან ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო.
დანიური ჯგუფი, რომელიც აქამდე რუსულ ბაზარზე წარმოდგენილი უმსხვილესი საერთაშორისო ლუდსახარში კომპანია იყო, ფინანსური დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, არც მყიდველის ვინაობას ასაჯაროებს. თუმცა, Carlsberg-მა ადრე განაცხადა, რომ ბიზნესის გაყიდვის შემთხვევაში 1.4 მილიარდ აშშ დოლარს იზარალებდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ვრცელი პროცესი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო საუკეთესო შესაძლო გადაწყვეტის მიღწევა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მათ შორის რუსეთში ჩვენი 8000-ზე მეტი თანამშრომლისთვის“, – განაცხადა შეთანხმებასთან დაკავშირებით Carlsberg-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
Carlsberg-მა, რომელიც რუსეთში ყველაზე დიდ და პოპულარულ ლუდის ბრენდს, Baltika-ს ფლობს, ქვეყანაში მთლიანად მიღებული შემოსავლის 9%-ი გამოიმუშავა.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტრანზაქცია რუსეთის მთავრობამ უნდა განიხილოს და შეთანხმება მისი დამტკიცების შემდეგ შესრულდება. ვინაიდან რუსეთის ბაზრის დატოვებისა და ქვეყანაში ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო, მთავრობას ამ მიმართულებით ბევრი საქმე აქვს განსახილველი. შესაბამისად, სავარაუდოდ, Carlsberg-თან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას თვეები დასჭირდეს.