აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა (CDC) კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის, „ახლო კონტაქტის“ მნიშვნელობა გააფართოვა. ამიერიდან ახლო კონტაქტად ჩაითვლება დაინფიცირებული პაციენტის 24 საათის განმავლობაში ჯამში 15-წუთიანი კონტაქტი 1.8 მეტრის მანძილზე. ამ დრომდე ახლო კონტაქტად ითვლებოდა გადაბმულად 15-წუთიანი კონტაქტი.
აღნიშნული ცვლილებისკენ უწყებას ვერმონტის ერთ-ერთ ციხეში დაინფიცირების შემთხვევამ უბიძგა, სადაც 20 წლის თანამშრომელს, 8-საათიანი ცვლის დროს, კორონავირუსი შეეყარა, მას ამ პერიოდის განმავლობაში მცირეხნიანი შეხება ჰქონდა ექვს ასიმპტომურ პატიმართან.
თანამშრომელმა, რომელიც ყველა დამცავი საშუალებით იყო აღჭურვილი, ჯამში 17 წუთი დაჰყო პატიმრებთან. თანამშრომელს სიმპტომები 4 აგვისტოს გამოუვლინდა და ვირუსი 11 აგვისტოს დაუდგინდა. მისივე მტკიცებით, სხვა კონტაქტი კორონავირუსთან არ ჰქონია და ვერმონტიც არ დაუტოვებია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის სწორედ ციხეში დაინფიცირდა.
CDC-ს უახლესმა ცვლილებამ შესაძლოა სკოლების, სამუშაოებისა და რესტორნების წესდების განახლება გამოიწვიოს – გაიზრდება რა დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების მნიშვნელობა.
შეგახსენებთ, CDC-ს განცხადების მიხედვით, პირბადის ტარება გავრცელების რისკს საგრძნობლად ამცირებს.